შენგელიამ ტრავმა მიიღო და პარკეტიდან გავიდა | როგორია თოკოს მდგომარეობა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „მურსიასთან“ დამარცხდა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ბლაუგრანამ“ საკუთარ კედლებში იასპარეზა და მეტოქესთან 78:81 წააგო.
შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა და 21 ქულით „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო იყო, თუმცა შეხვედრა მისთვის ცუდად დასრულდა. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. თოკო დამოუკიდებლად ვერ გავიდა და სამედიცინო შტაბის დახმარება დასჭირდა.
მოგვიანებით, „ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კატალონიელების მიხედვით, შენგელიამ მარცხენა კოჭი დაიზიანა, თუმცა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. თორნიკეს დაბრუნების თარიღი სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში შენგელია საშუალოდ 15.2 ქულას, 2.8 მოხსნასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას აგროვებს. მის „ბარსელონას“ 2 მოგება და სამი წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს.