UFC-ში სკანდალი მწიფდება - FBI შესაძლო გარიგებულ ბრძოლებს იძიებს
მორიგი სკანდალის ფონზე, რომელიც სავარაუდო ბრძოლის გაყალბებას უკავშირდება, მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, სავარაუდოდ, დიდი პრობლემის წინაშე დგას, რადგან UFC-ის მებრძოლები მასობრივად იღებენ შეთავაზებებს ბრძოლების ჩაგდებაზე.
ამის შესახებ ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა, არიელ ჰელვანიმ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა აიზეკ დულგარიანისა და იადიერ დელ ვალეს გასულ შაბათ-კვირას გამართული შეხვედრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
„მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათ მსგავსი შეთავაზებებით მიმართავდნენ. ეკითხებოდნენ, მზად იყვნენ თუ არა ბრძოლის ჩასაგდებად ფულის სანაცვლოდ. ეს უზარმაზარი პრობლემაა UFC-ისთვის. ამასთან, არაერთხელ გვინახავს ბრძოლების უცნაური დასასრულები, რომლებიც სხვა არაფრით აიხსნება. ეს ხდება ისეთ ბრძოლებში, სადაც მებრძოლები მცირე ფულს იღებენ და მათ კარგ შემოსავალს სთავაზობენ, რაც მათი პრობლემების გადაწყვეტა იქნება.
იგივე ხდება თუ არა მსაჯებთან დაკავშირებით? ეს გამოძიების საგანია FBI-ისთვის, მაგრამ ჩემი გაგებით – სწორედ ასეა და ეს სრული სიგიჟეა“,
– თქვა სპორტულმა მიმომომხილველმა თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
ამასთან, ორგანიზაციის ყოფილმა მებრძოლმა, ლანდო ვანატამ, განაცხადა, რომ მას შვიდჯერ მიმართეს ბრძოლის ჩაგდების შეთავაზებით, ხოლო UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის წარმომადგენელმა, ვინს მორალესმა, შეთავაზებული თანხაც კი დაასახელა – 70 ათასი დოლარი.
უფრო მეტიც, რეპორტიორ ჰარი მაკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს UFC-ის ასზე მეტი ბრძოლა მოექცა FBI-ის ყურადღების ცენტრში, გარიგებული ხასიათის ეჭვის გამო. მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლება აპირებს რეფერი ჯეისონ ჰერცოგის ბრძოლების აუდიტის ჩატარებას, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.