„თუ გეიჯი ილიასთან ბრძოლას არ მიიღებს, კარიერას დაასრულებს“ - ალი აბდელაზიზი
ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს. აბდელაზიზი ამბობს, რომ ამერიკელმა მებრძოლმა თავისი რეპუტაციით სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა და თუ ილიასთან ქამრისთვის ბრძოლას პედი პიმბლეტი მიიღებს, დიდი ალბათობით გეიჯი კარიერას დაასრულებს.
რა თქვა აბდელაზიზმა:
„გეიჯი თავის სიტყვას არასდროს არღვევს. თუ UFC მას პედი პიმბლეტს ამჯობინებს, მაშინ გეიჯი კარიერას დაასრულებს და ორგანიზაციაში აღარასდროს იბრძოლებს. ამის ნამდვილად მჯერა, მაგრამ... UFC ბიზნესია. პედის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის შესანიშნავი მებრძოლია, მხიარული ბიჭი.“
„თუმცა რეიტინგში გეიჯი მასზე წინ დგას. ჯასტინმა UFC-ის ბევრი სასარგებლო რამ გაუკეთა და ამას ამ დრომდე აგრძელებს. მაგრამ რა დამსახურება აქვს პედის UFC-ის მიმართ, რომ ჯასტინ გეიჯიზე წინ დააყენონ? თუ ეს გართობაა, მაშინ კარგი, მიეცით მას ბრძოლა, მაგრამ თუ ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა დამსახურებით წყდება, მაშინ ეს აუცილებლად ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2025 წლის 29 ივნისს მოიპოვა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. მას შემდეგ, „მატადორი“ მომდევნო მეტოქის მოლოდინშია, მის ოპონენტად კი ყველაზე ხშირად პედი პიმბლეტს განიხილავენ.