„ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო“ | კვარას ინტერვიუ
ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი დაახასიათა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: მოედანზე საქართველოს დროშით ერბინა.
შეგიძლია საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათო?
„მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და... ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთი და იგივეა და მხოლოდ ქართველები მიხვდებიან, რაზე მაქვს საუბარი.“
შეგიძლია ფრანგ პუბლიკას აუხსნა, რას გულისხმობ?
„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ვცდილობთ, ის კარგად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს გავაცნოთ. მაგალითად, როდესაც ხალხი საქართველოში ჩამოდის, მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ და შემდეგ — საკუთარი თავისთვის. როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ.“
სწორედ ამიტომ აღნიშნე ჩემპიონთა ლიგის მოგება საქართველოს დროშით...
„ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინა დღეს, როდესაც მიუნხენში წასასვლელ ბარგს ვალაგებდი, პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო. როცა ამას ვაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ყველა ვარიანტში უნდა მოგვეგო, რადგან ერთი სურვილი მქონდა: მინდოდა, მატჩის შემდეგ მოედანზე საქართველოს დროშით მერბინა და გამარჯვება ასე აღმენიშნა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს გამომივიდა! რეალურად, პირველი, რასაც მატჩებისთვის ჩემოდანში ვალაგებ ხოლმე, საქართველოს დროშაა.“
რა არის შენი ოცნება „პარი სენ-ჟერმენში“ და საქართველოს ნაკრებში?
„პარი სენ-ჟერმენში იგივე ოცნება მაქვს, რაც შარშან მქონდა. საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. ისტორია უკვე დავწერეთ და ევროპაზე ვითამაშეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ სხვა მოვლენაა...“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ ხვდება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და 11 მარტს, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.