„მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, „ლე პარიზიენს“ ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ საფეხბურთო კერპებზე, ფრანკ რიბერისა და მეტსახელზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიში“ ყოფნისას შეარქვეს.
ვინ იყო შენი საფეხბურთო კერპი ბავშვობაში?
„ბავშვობაში ჩემი კერპი გუტი იყო. მისი მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა, ამიტომ თეთრი მაისური ავიღე და შავი მარკერით დავაწერე: 14 ნომერი, გუტი. როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ძალიან მომწონდა მისი საფეხბურთო აზროვნება, პასები და ინტელექტი. გუტი საოცარი ფეხბურთელი იყო.“
ვილი სანიოლი ამბობს, რომ ფრანკ რიბერის მსგავსად თამაშობ. მართალია?
„ვილი სანიოლმა შეხვედრიდან მალევე მითხრა, რომ რიბერის მსგავსად ვთამაშობ და ეს ძალიან მომეწონა. რიბერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი იყო და „ბაიერნში“ მას და არიენ რობენს ყოველთვის ვუყურებდი. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ.“
„ნაპოლის“ ფანებმა მეტსახელად „კვარადონა“ შეგარქვეს, რაც დიეგო მარადონას სახელს უკავშირდება. ეს მეტსახელი მოგწონს თუ ტვირთად აღიქვამ?
„რა თქმა უნდა, მარადონასთან შედარება ძალიან მძიმე ტვირთია. მარადონას ვერავინ შეედრება, მაგრამ როდესაც ფანებმა „კვარადონა“ შემარქვეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ამან იდეალურად აჩვენა, რამდენად ვუყვარდი მათ. ამის გამო ძალიან ვამაყობ.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მოედანზე „ჩელსის“ წინააღმდეგ ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ქართველი ფეხბურთელი და კომპანია „არისტოკრატებთან“ პირველ შეხვედრას 11 მარტს გამართავენ.