ლუის ენრიკე, პსჟ-ში ტრანსფერი და ჩემპიონთა ლიგა | კვარას ინტერვიუ Le Parisien-თან
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ „ნაპოლის“ დატოვებაზე, ლუის ენრიკეზე, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებასა და პსჟ-ში ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.
პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი
„ამაზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ „პარკ დე პრენსზე“ მინდოდა გადასვლა. სხვა ვარიანტებიც მქონდა, შეთავაზებებიც მივიღე, თუმცა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა წარმიდგინეს პროექტი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პარი სენ-ჟერმენში გადასვლა ოცნებაა? რა თქმა უნდა, ოცნებაა! ძალიან ვამაყობ, რომ ამას მივაღწიე. როცა პსჟ დამიკავშირდა, სწორედ მაშინ გავაანალიზე, რომ ნამდვილად მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გავხდი. როცა საფრანგეთიდან დამირეკეს, მგონი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ჩემი მეუღლე იყო. სანამ პსჟ ჩემთან კონტაქტზე გამოვიდოდა, ის სულ მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, ერთ დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ რომ ითამაშო. პარიზში ცხოვრება საოცრება იქნება.“
პარიზი
„პარიზი ძალიან მიყვარს, აქ ყველაფერი მიყვარს. რაც უფრო მეტად ვფიქრობ, მით უფრო მომწონს, რომ პარიზში ადამიანებს სხვებისადმი პატივისცემა აქვთ. ეს საუკეთესო ქალაქია, სადაც მეუღლესთან ერთად სეირნობა შეგიძლია.“
საქართველო
„როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ.“
ჩემპიონთა ლიგა
„შიმშილის გრძნობა ყოველთვის გვაქვს და ეს გვეხმარება, ახალ-ახალი ტიტულები მოვიგოთ. „პარი სენ-ჟერმენი“ საოცარი კლუბია და მჯერა, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება შეგვიძლია. მთავარი მწვრთნელი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს. შემიძლია ვთქვა, რომ მოთამაშეები ბედნიერები ვართ და ერთად ვთამაშობთ. ვერავის გამოვარჩევ — საოცარი ფეხბურთელები გვყავს.“
ლუის ენრიკე
„მე და ლუის ენრიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მთავარი მწვრთნელია, შეუძლია მიყვიროს და რაც უნდა ის მითხრას, რადგან ვიცი, რომ მას სურს, ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. უბრალოდ საჭიროა, მის რჩევებს მიჰყვე, რათა პროგრესს მიაღწიო. პარიზში ძალიან განვვითარდი და მოედანზე ნამდვილ მეომრად ვიქეცი.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ ხვდება. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და 11 მარტს, თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.