ხვიჩას, პალმერისა და ესტევაოს ტრიო | კვარაცხელია ჩელსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ჩელსი“ გახლავთ. მოახლოებულ დაპირისპირებაში ლონდონელები „კვარას“ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან, როგორც Fichajes წერს, „არისტოკრატებს“ მისი გაფორმება სურთ.
„ჩელსიმ ხვიჩა კვარაცხელია აირჩია ფეხბურთელად, რომელსაც შეუძლია, „არისტოკრატების“ საფეხბურთო პროექტის საბოლოო ნაწილი გახდეს. „ლურჯების“ მოქმედ მთავარ მწვრთნელს, ლიამ როსენიორს, ძალიან მოსწონს ტექნიკური უნარები, რომლებსაც ქართველი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე თამაშისას აჩვენებს.
„ჩელსის“ საოცნებო შემტევი ნახევარდაცვითი ტრიო კვარაცხელიას მაგიის, ესტევაოს ახალგაზრდობისა და კოულ პალმერის მოედნის ხედვის კომბინაციაა. „ლურჯების“ მიზანია, ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ფავორიტთა შორის დაბრუნდნენ და კლუბის მენეჯმენტს სჯერა, რომ კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ „ჩელსი“ შეძლებს, უმტკიცეს დაცვის ხაზებშიც კი დისბალანსი შეიტანოს.
ლონდონელები მზად არიან, საჭირო ფინანსური რესურსი გამოყონ, რათა ქართველი ფეხბურთელი მათი პროექტის საკვანძო ფიგურად იქცეს. „ჩელსი“ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება და კონკურენტების დამარცხება სურს“, — წერს Fichajes.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ იმავე ესპანურმა გამოცემამ „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირა, მოგვიანებით კი „მანჩესტერ იუნაიტედზეც“ დაიწერა. რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მატჩს, პირველი შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.