მამუკელაშვილის 2 ქულა - ტორონტომ კლივლენდთან გაათანაბრა
„ორლანდო“ - „დეტროიტის“ მსგავსად, „ტორონტო“ - „კლივლენდის“ მერვედფინალურ სერიაშიც მეოთხედფინალისტის გამოსავლენად მეშვიდე მატჩის გამართვაა საჭირო და ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ ფავორიტად ის გუნდი არ ითვლება, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს. მართალია, „რეპტორსმა“ საკუთარ დარბაზში ოვერტაიმში „კავალიერსი“ 112:110 დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩს უკვე კლივლენდი უმასპინძლებს და იქ კანადელებს რომ ძალიან გაუჭირდებათ, ცხადზე უცხადესია.
სანდრო მამუკელაშვილმა დღეს გამთენიისას გამართულ შეხვედრაში პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. „მამუმ“ ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან მისი ერთადერთი ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. „ტორონტოს“ ქართველმა ლეგიონერმა ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
ცნობისათვის, „კლივლენდი“ - „ტორონტოს“ მერვედფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი „კავალიერსის“ საშინაო დარბაზში ჩატარდება და თბილისის დროით, 4 მაისს, დილის 03:30 წუთზე დაიწყება.