ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე ძირითადში იყვნენ - უოტფორდმა სეზონი დაასრულა
ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელი სეზონი „უოტფორდმა“ საკუთარ სტადიონზე გათამაშების ლიდერ და გამარჯვებულ „ქოვენთრისთან“ 0:4 მარცხით დაასრულა. შედეგად უოტფორდელები, რომელთაც სეზონის დაწყების წინ ბევრი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებდა, ჩემპიონშიპში მე-16 ადგილი დაიკავა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა ფორვარდი ელის სიმსი დასახელდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„ქოვენთრისთან“ საშინაო შეხვედრაში როგორც ჩაკვეტაძე, ასევე გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა ორივე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალა. გიორგი ერთხელ თამაშგარეში მოხვდა, ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 92-პროცენტიანი (32-დან 30) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 5-ჯერ დაკარგა და დრიბლინგის არც ერთი მცდელობა არ ჰქონია. რაც შეეხება საბას, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 10-ჯერ დაკარგა, თანაგუნდელებს პასები 70-პროცენტიანი (27-დან 19) სიზუსტით მიაწოდა, ორჯერ განმუხტა სახიფათო მომენტი და ექვსიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 29 შეხვედრიდან, 22 ძირითადში დაიწყო, 7-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და საერთო ჯამში მოედანზე გატარებულ 1790 წუთში 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, რომელიც „უოტფორდს“ ზამთარში იჯარით შეუერთდა, მან 12 მატჩიდან, 11 ძირითადში დაიწყო და ერთხელ ცვლილებაზე ჩაერთო.