ეგოიანმა 90 წუთი ითამაშა | ექსელსიორი დამატებულ წუთზე დამარცხდა
ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-6 ტურში რუბენ დენ უილის გაწვრთნილი „ექსელსიორი’’ შინ „უტრეხტთან’’ 1:2 დამარცხდა.
36-ე წუთზე არტემ სტეპანოვის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, 78-ე წუთზე „ექსელსიორმა’’ ანგარიში გაათანაბრა, გოლი აიმენ სლიტის ანგარიშზეა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე დანი დე ვიტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი ეგოიანმა 90 წუთი ითამაშა. საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა, თუმცა ბოლო დამატებულ წუთზე შესანიშნავი პასის შემდეგ ირანელმა ალირეზა ჯაჰანბახშმა კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა.
22 წლის ირაკლი ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის’’ ექვსივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 4 საგოლე პასი შეასრულა („კამბურთან“, ჩემპიონ პსვ-სთან, „ვილემ II“-თან და „ნაიმეგენთან'', რომელიც გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა).
მიმდინარე სეზონში Voetbal International-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელა. როგორც პირველ ტურში „კამბურთან'', ასევე მე-5 ტურში „ვილემ II“-თან, 2 საგოლე მოქმედება ჰქონდა, გოლი და საგოლე პასი. აღნიშნული მატჩების შემდეგ ეგოიანი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ექსელსიორმა’’ მიმდინარე სეზონში 6-დან 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 2 დათმო. ამ მომენტში ეგოიანის გუნდი 10 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ „ალკმაართან’’ სხვაობა 6 ქულაა. მე-7 ტურში, 19 სექტემბერს „ექსელსიორი’’ „იოჰან კრუიფ არენაზე’’ „აიაქსს’’ ესტუმრება.