ქართული ფინალი და 7 მედალი! - ვეტერანი ძიუდოისტების ტრიუმფალური დასაწყისი მსოფლიო ჩემპიონატზე
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა - 5 ოქრო და 2 ვერცხლი.
M1 კატეგორიაში, -81 კგ. წონაში მოასპარეზე ანზორ ხმიადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვეტერანმა ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელი სტანლი ტორესი იპონით დაამარცხა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, ხმიადაშვილი ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა დარჩენილ დროში სუფთა გდების გაკეთება მოახერხა და საბოლოოდ, იპონით გაიმარჯვა.
M1-ში, -90 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი პაპუნაშვილმაც. ქართველი ჯუდოკა ფინალში ყაზახ ორაზალი ტოლეიევს შეხვდა და ვაზარით გაიმარჯვა.
M1 კატეგორიაში, +100 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, სადაც ერთმანეთს შოთა ჟორჟოლიანი და სლავიკ რეზესიძე დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი შოთა ჟორჟოლიანს ხვდა წილად.
დღესვე, ამავე კატეგორიაში -60 კგ. წონაში ოქროს მედლის მოპოვება გივი ნადარეიშვილსაც შეეძლო, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში იტალიელ ანჯელო ლანზაფამესთან ბოჭვით დამარცხდა.
რაც შეეხება M2 კატეგორიას, აქ ქართველმა ვეტერანებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებული -100 კგ. წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელ რიკარდო ჟეზუსს იპონით აჯობა.
მეორე ოქროს მედალი კი +100 კილოგრამში, დავით ლორიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ფინალში ჩეხ მიხაელ ჰორაკთან იუკოთი გაიმარჯვა.
ხვალ, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს გამარჯვებულები M3 და M4 კატეგორიებში გამოვლინდებიან, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ.