ცარუკიანი: ილიასთან მე უნდა ვიჩხუბო, ქამარს ავიღებ, მარტივი ფული იქნება
14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მისი მონაწილეების ვინაობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).
თოფურია - გეიჯის ბრძოლას არმან ცარუკიანი გამოეხმაურა, ის მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, თუმცა თვლის, რომ ქართველთან მას უნდა ეჩხუბა.
ცარუკიანი: „ილიასა და გეიჯის ბრძოლა კარგია, მაგრამ გეიჯის შანსი არ აქვს. ილია კრივში უკეთესია და ვფიქრობ, ის მას ნოკაუტში ჩააგდებს. ისინი უბრალოდ დროს კარგავენ, ჩემს დროს კარგავენ. მე უნდა დამაყენონ ილიას პირისპირ, მის ქამარს ავიღებ და ეს ჩემთვის მარტივი ფული იქნება.“
შეგახსენებთ, თოფურიამ ბოლოს 2025 წლის ივნისში იჩხუბა და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, ამერიკელმა ბოლო ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა.