„ამ შემთხვევაში ყველა დროის საუკეთესო გახდება“ - მახაჩევზე მენეჯერმა ისაუბრა
UFC-ისა და შერეული ორთაბრძოლების თითქმის ყველა მოყვარულმა ისლამ მახაჩევის მენეჯერის შესახებ კარგად იცის. ალი აბდელ-აზიზი წლებია დაღესტნელ მებრძოლებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და მათი შეფასების დროს ხშირად სუბიექტურობასაც იჩენს. რამდენად იყო ამჯერად მისი მოსაზრება სუბიექტური, ამის თაობაზე საკმაოდ დიდი სჯა-ბაასი მიმდინაროებს. შეკითხვაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს უახლოეს მომავალში შერეული ორთაბრძოლების ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, აბდელ-აზიზმა ასე უპასუხა:
„ისლამ მახაჩევი P4P-ის მეფეა. თუმცა, თუ ვისაუბრებთ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლზე... იმ შემთხვევაში თუ ისლამი მადალენას დაამარცხებს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ანდერსონ სილვას რეკორდს გაიმეორებს და მასაც ზედიზედ 16 გამარჯვება იქნება, რაც გახდება კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ მახაჩევს ყველა დროის საუკეთესოობაზე ჰქონდეს პრეტენზია.
როგორც ისლამი ამარცხებს კონკურენტებს, ეს უბრალოდ გასაოცარია... წარმოიდგინეთ, ბოლო ათი ბრძოლიდან ცხრა ნაადრევი გამარჯვებით დაასრულა. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან და ჩარლზ ოლივეირასთან დომინანტური გამარჯვებები მოიპოვა“.
შეგახსენებთ, რომ UFC 322-ის ღონისძიება 16 ნოემბერს, თბილისის დროით გამთენიისას გაიმართება და მას ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ კი ქალაქი ნიუ-იორკი უმასპინძლებს. მახაჩევის მეტოქე ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა იქნება.