„შარშან ყველაფერი სხვაგვარად იყო, ახლა მეტოქე უფრო კარგ კონდიციაშია“ - სლოტი რეალთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-4 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მერსისაიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სლოტმა:
„ხვალინდელ მატჩში ალექსანდრ ისაკი, ჯერემი ფრიმპონგი და ალისონ ბეკერი ვერ ითამაშებენ. ისაკი შეიძლება კვირას დაბრუნდეს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სასტარტოში იქნება თუ არა. ალისონი და ფრიმპონგი კვირასაც არ იქნებიან.“
„ჯერ მანჩესტერ სიტისთან თამაშზე არ ვფიქრობ. მთავარი ხვალინდელი მატჩია, სადაც მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება. პრემიერ ლიგაში ბოლო მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ამ შეხვედრას ხვალინდელ შემადგენლობასთან კავშირი არ ექნება.“
„ტრენტის ენფილდზე დაბრუნება? ერთმანეთს თბილად შევხვდით. მასთან, როგორც ფეხბურთელთან და როგორც ადამიანთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მხოლოდ დადებითი მოგონებები მაკავშირებს, როდესაც ტელევიზორში მის თამაშს ვუყურებ, მხოლოდ საუკეთესო მახსენდება. მახსვოს მისი ლივერპულში გატარებული პერიოდი და ბევრი შესანიშნავი მომენტი. მას თბილად დავხვდები. არ ვიცი, მოედანზე იქნება თუ არა და ფანები როგორ შეხვდებიან, მაგრამ ჩემთან ნამდვილად თბილი დახვედრა იქნება.“
„რეალთან მატჩში გულშემატკივრების როლი გადამწყვეტი იქნება. ვთხოვ, რომ ზუსტად ისე დაგვიჭირონ მხარი, როგორც შაბათს „ასტონ ვილასთან“ გააკეთეს. ისინი გუნდს დიდ დახმარებას უწევენ და ხვალ ჩვენს წინ ისეთი გუნდი იქნება, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. ასევე იყო „ასტონ ვილა“, მაგრამ ფანების დახმარებით გამარჯვება შევძელით. სახლში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.“
„ყოველი თამაში, რომელსაც ვთამაშობთ, გამოცდაა, რადგან ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვართ. ეს არ არის იგივე, რაც გასულ სეზონში იყო, როდესაც ზედიზედ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება შევძელით. გასულ სეზონში ერთი მატჩი სახლში ვითამაშეთ, ახლა კი „მანჩესტერ სიტის“ გასვლაზე შევხვდებით. წინა წელს „რეალში“ ბევრი ტრავმირებული იყო, ახლა კი პირიქით. ასე რომ, ერთი და იგივე მატჩი არ იქნება, სხვა გუნდი ვართ, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია და ასევე, ზოგი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია.“
„რეალი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში წარმატებული იყო და წელსაც წარმატებით თამაშობს. მას ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ბრწყინვალე ინდივიდუალური მოთამაშეები, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. ჩაბი წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ კარლო ანჩელოტიმაც იგივე გააკეთა და ბევრი ტიტული მოიგო. მათ რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატეს, რომლებსაც თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლიათ. გასულ სეზონში ძალიან კარგი რეალი ვნახე, ახლა კი უკეთეს გუნდს ვხედავ. ისინი ამ ტურნირზე ყოველთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.“
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.