ძმები უძილაურები გერმანიიდან - ყველა გამარჯვება უმცროსი ძმის ხსოვნას ეძღვნება
ევროპის 2023 წლამდე ძიუდოისტთა ჩემპიონატი როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოსთვის იმდენად შთამბეჭდავი და ტრიუმფალური აღმოჩნდა, წესით და რიგით სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტებზე ყურადღების გამახვილებისთვის დრო არ უნდა გვრჩებოდეს, თუმცა ტყუპი ძმები უძილაურების ისტორია იმდენად საინტერესოა, ნამდვილად გვერდს ვერ ავუვლიდით. ახლახანს დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე -100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი უძილაური ჩემპიონი გახდა, ხოლო +100 კილოგრამში დანიელ უძილაურმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე მცირედი დააკლდა.
ძმები უძილაურების მამა, რამინ უძილაური გერმანიაში საცხოვრებლად 2001 წელს გადაბარგდა. ბუნებრივია, თავადაც სპორტსმენი იყო - არის საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. 1994 წელს ყაზახეთში გადაბარგდა და ამ ქვეყნის სახელით მსოფლიოსა და აზიის პირველობაზე იჭიდავა. რაც შეეხება გიორგისა და დანიელს, ისინის 2003 წელს დაიბადნენ და ვარჯიში 7 წლის ასაკში, სახლის პირობებში დაიწყეს. ორი წლის შემდეგ უკვე მიიღეს ეგრეთწოდებული ყვითელი ქამარი, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის არის საჭირო. სავარჯიშოდ ძმებს დღემდე ქალაქ ულმიდან 480 კილომეტრით დაშორებულ კიოლნამდე უწევთ სიარული.
პატარა ასაკიდანვე უძილაურებს საერთაშორისო სარბიელზე მცირე ჩავარდნების ფონზე, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდათ. დანიელმა გასულ წელს ტრავმის გამო საკმაოდ მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც თითქმის ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია, თუმცა დაბრუნებულმა მაშინვე გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. ამის გარდა ის 2024 წლის 25 მაისს სარაევოში და 2024 წლის 12 ოქტომბერს მალაგაში გამართული ევროპის თასების გამარჯვებული გახდა. შარშან ჩატარებულ კონტინენტის 23-წლამდე ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. რაც შეეხება გიორგის, წლევანდელ ევროპირველობაზე გაჩემპიონებამდე მას 2025 წლის 20 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ევროპის თასი ჰქონდა მოგებული.
რაც შეეხება მოლდოვაში ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატს, დანიელ უძილაურმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ქართველ შალვა გურეშიძესთან წააგო. ტურნირის ტრიუმფატორმა გიორგი უძილაურმა (-100 კგ) კი გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ფარეშე მეჰუკის აჯობა, ხოლო ფინალამდე უნგრელ მატე ლაკოშზე, რუმინელ რარეშ არსენზე და ლატვიელ მაქსიმს დაინოვსზე ძლიერი აღმოჩნდა.
როგორც დანიელ, ასევე გიორგი უძილაური თითოეული შეხვედრის მოგების შემდეგ, გულის ფორმას გამოსახავენ და ამ ჟესტით ყველა მოგებას უმცროსი ძმის ხსოვნას უძღვნიან, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.