ძიუდო | 23-წლამდელთა შორის გიორგი ჯაბნიაშვილი ევროპის ჩემპიონია
ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალში მასპინძელი მიხალ ლატიშევი დამატებით დროში დაამარცხა. ოთხმა წუთმა ისე ჩაიარა, მეტოქეებმა გდება ვერ შეასრულეს.
დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მე-18 წამზე ჯაბნიაშვილმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართულმა დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა. ფინალში ვაჟთა ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა. მათე გოგობერიშვილი(60 კგ) და მათე ბერუაშვილი (73 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
ქალთა შორის შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი ნინო ლოლაძის (57 კგ.) ანგარიშზეა, რომელმაც რეპეშაჟში ორი გამარჯვების შემდეგ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ბულგარელ სნეჟანა გრამატიკოვას მოუგო.