შოთა ხაბარელი
Aa
Aa

„თუშიშვილი ნამდვილი ფენომენია“ - ხაბარელმა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა

ძიუდო მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობაა, რომლის პლანეტისა თუ კონტინენტის პირველობები მილიონობით ტელეაუდიტორიის ყურადღების ქვეშ ექცევა. ასე მოხდა ამჯერადაც და უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა გულშემატკივარს უამრავი ემოცია დაუტოვა, ჩვენი ქვეყანა კი ნამდვილად ყველას დადებითად დაამახსოვრდებოდა, რადგან შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა და იაპონელების ჰეგემონია დაამხო.

ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა და მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა Crystalsport-თან ინტერვიუში ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ტურნირის მეორე დღესვე შეაფასა. ამჯერად კი მას კომენტარის გაკეთება ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ვთხოვეთ და თითოეულ წონით კატეგორიაში ლაშა გუჯეჯიანის შეგირდების ასპარეზობის საინტერესო ანალიზი გააკეთა.

შოთა ხაბარელი

ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ გიორგი სარდალაშვილი მსაჯთა არაობიექტური გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. იქ არ იყო არანაირი ისეთი გდება, რომელიც უნდა შეფასებულიყო. თუმცა მაინც ვიტყვი, რომ გიორგის როგორც მსოფლიოს ჩემპიონს, კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული, რომ როდესაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს უპირისპირდები, მეტოქე თავის მსაჯებიანად უნდა დაამარცხო.

ვაჟა მარგველაშვილი არაჩვეულებრივი სპორტსმენია თავისი ტიტულებითა და მიღწევებით, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში რაღაც ვერ გამოსდის და სათანადო დასკვნები აუცილებლად უნდა გააკეთოს. თუმცა, ერთი რამ უნდა აღვნიშნო, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამ ეტაპზე მასზე უკეთესი ძიუდოისტი არ გვყავს.

მარგველაშვილისგან განსხვავებით, ლაშა შავდათუაშვილს სათანადო შემცვლელი გამოუჩნდა. მიხეილ ბახბახაშვილმა ამ ტურნირზე ნამდვილად სერიოზული განაცხადი გააკეთა. მასში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ჭიდაობის ქართული სტილი აქვს, რაც მის ძიუდოს ეფექტურობას სძენს. თუმცა, შავდათუაშვილი თავისი მიღწევებით ნამდვილად გამორჩეული სპორტსმენია და გამორჩეულია იმ სანიმუშო ყოფაქცევით, დისციპლინითა და პროფესიონალიზმით, რითაც ახალგაზრდებს მაგალითს აძლევს. თუმცა, შესაძლოა მის ასაკში ეს ყველაფერი საკმარისი აღარ იყოს, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ რომ მის საუკეთესო ვერსიას ისევ ვიხილავთ, რადგან ლაშას ადრეც ჰქონია ჩავარდნები და ყველა მათგანი დაუძლევია.

ტატო გრიგალაშვილი არამხოლოდ თავისი წონის, არამედ მსოფლიოს ძიუდოს ვარსკვლავია, რომელიც წლების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო ჭკვიანი სპორტსმენი ხდება. ბევრი თვლის, რომ მას ყველა შეხვედრაში გაუჭირდა, მე კი პირიქით მიმაჩნია - ტატომ თითოეულ ბრძოლაში ჭკვიანურად, ტაქტიკურად იჭიდავა და ფინალიც არაჩვეულებრივად წარმართა. რომ არა წარბიდან სისხლდენა, მერწმუნეთ, ჩემპიონი აუცილებლად გახდებოდა. როგორც მითხრეს, არბიტრს უთქვამს, რომ კიდევ ერთხელ თუ წამოუვიდოდა სისხლი, ბრძოლიდან მოხსნიდნენ, რის გამოც იჩქარა ილეთზე წასვლა და ამის გამო იპონზე დაეცა, თორემ მშვიდად რომ ყოფილიყო და ჩვეულ სტილში საკუთარ შანსს დალოდებოდა, არბუზოვს აუცილებლად მოუგებდა.

 შევეხები 90 კილოგრამ წონით კატეგორიას, რომელსაც დიდი ხანია ქართველების წონად ვთვლი, ლაშა ბექაურის მარცხი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა, ეტყობოდა, რომ საკუთარი თავი ისე ვერ განაწყო, როგორც ამას ასეთ მნიშვნელოვან ტურნირებზე აკეთებს ხოლმე. ლუკა მაისურაძემ კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლესი დონის ჭიდაობა აჩვენა, განსაკუთრებით კი ის მომეწონა, რომ იტალიელი უშანსოდ დაამარცხა და ბექაურის გამო რევანში აიღო.

ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ილია სულამანიძის უმედლოდ დარჩენა. აღტაცებული დავრჩი ნიკოლოზ შერაზადიშვილის მომზადებით - მას ილია არაჩვეულებრივად ჰყავდა შესწავლილი და პირველივე წამებიდან მარჯვენა ხელი ფაქტობრივად გაუთიშა, რითაც უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და სულამანიძე თავისი მთავარი კოზირის გარეშე დატოვა.

გურამ თუშიშვილს ერთი სიტყვით დავახასიათებდი - ფენომენი. ასეთ კონკურენტულ წონაში ასეთი დომინირება მხოლოდ მისნაირ მებრძოლ და ნიჭიერ სპორტსმენებს შეუძლიათ. ჩემი შეფასება ასეთია - ტასოევთან გაკეთებული გდება იპონი თუ არა, მინიმუმ ვაზარი იყო და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაჯილდოებაზე ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა, რთული საკითხია. მე გურამის ადგილას ხელს ჩამოვართმევდი, რადგან ის მოსიყვარულე ბუნების ადამიანი და ნამდვილი ვაჟკაცია, რომლის მახასიათებელიც ჰუმანურობა უნდა იყოს.

რაც შეეხება ჩვენ ჩემპიონს - ეთერ ლიპარტელიანის ასპარეზობა იყო ისეთი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს გოგონა წლიდან წლამდე უმატებდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იმ დიდ წარმატებამდე, რომელსაც უნგრეთში მიაღწია. შეხედეთ, როგორ თანაბარ დონეზე გამოვიდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მენტალურად ძლიერი, მდგრადი ფსიქიკის უმაღლესი დონის სპორტსმენები ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ინდივიდუალური შეჯიბრი კი, 1 ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი), 2 ვერცხლისა (ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი) და 1 ბრინჯაოს (ლუკა მაისურაძე) მედლით დავასრულეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველას თავისი შეგნება აქვს“ - რატომ არ ჩამოართვა თუშიშვილმა რინერს ხელი
„ყველას თავისი შეგნება აქვს“ - რატომ არ ჩამოართვა თუშიშვილმა რინერს ხელი