„ბარსელონა ამ შეცდომას კიდევ დიდხანს ინანებს“ - მიხელსის ასისტენტის საინტერესო მოსაზრება
ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლად მიჩნეული რინუს მიხელსის ყოფილი ასისტენტი ხოსე მარია მინგელია სხვადასხვა სპორტული გადაცემების სტუმარი საკმაოდ ხშირად არის და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ძირითადად ესპანურ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უწევს. ამჯერად მას შეკითხვა კილიან მბაპესთან და ლამინ იამალთან დაკავშირებით დაუსვეს და მოახლოებული „ელ კლასიკოს“ წინ საუკეთესოს დასახელება მოსთხოვეს, მან კი საუბრისას უსმან დემბელეც ახსენა და მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ამჟამად კილიან მბაპეს უფრო მეტად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, ვიდრე ლამინ იამალს. არ მსურს, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ლამინი ვინმეს შევადარო, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა დროს ტიტულებს იგებდნენ, მუდამ ბევრ გოლს იტანდნენ და საგოლე პასებს ასრულებდნენ. ასეთები იყვნენ დი სტეფანო, უგო სანჩესი, მესი და რონალდუ.
მბაპე ახლა მადრიდის „რეალში“ რომ თამაშობს, ეს „ბარსელონას“ შეცდომის შედეგია, რომლის ხელმძღვანელებიც ალბათ ამ ყველაფერს დიდხანს ინანებენ. კილიანის გაფორმება კატალონიელებს მარტივად შეეძლო, მაგრამ რატომღაც ჩათვალეს, რომ უსმან დემბელე უფრო ნიჭიერი იყო და არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს“.
შეგახსენებთ, რომ არამხოლოდ ესპანური ფეხბურთის, არამედ მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „რეალი“ – „ბარსელონა“ კვირას, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით, 19:15 წუთზე დაიწყება.