„მინდა, ნიურნბერგთან ერთად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიო“ | ლუკა ლოჩოშვილი
ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ ოფიციალურ YouTube არხს ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნიურნბერგის“ წინადადება დიდი სიხარულით მიიღო.
„ნიურნბერგი დიდი ისტორიის მქონე კლუბია — გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი. ბევრი რამ მსმენია სტადიონისა და გულშემატკივრების შესახებ. აქ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა კლუბმა დამიკავშირდა. მომეწონა მათი საფეხბურთო პროექტი და შეთავაზებას დიდი სიხარულით დავთანხმდი.
ბევრი მეგობარი და კოლეგა მეუბნებოდა, რომ გერმანულ ფეხბურთს კარგად მოვერგებოდი. სხვადასხვა ქვეყანაში მითამაშია და მინდოდა, ბედი გერმანიაშიც მეცადა. ყოველთვის საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ფეხბურთის სტილის გამოცდა.
ასაკით არც ახალგაზრდა ვარ და არც ასაკოვანი — სწორედ ამიტომ არ მინდა, კარიერის ბოლოს მქონდეს განცდა, თითქოს რაღაცას ვერ მივაღწიე ან მაქსიმუმი არ გავაკეთე. მე ვარ ადამიანი, რომელიც საქმეში მთლიანად იხარჯება და ყველაფერს აკეთებს, რომ მომავალში სინანული არ ჰქონდეს.
ფეხბურთელმა ყოველდღიურად უნდა ივარჯიშოს, განვითარდეს და ახალი მიზნები დაისახოს. ჩემი მიზანი გამარჯვება და ტიტულების მოპოვებაა. მინდა, „ნიურნბერგთან“ ერთად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიო და კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო. ფეხბურთელის შეფასება ხდება იმით, რას მიაღწია და რა ტიტულები მოიგო. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დიდ წარმატებას მივაღწიო და მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯო.“
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა 2-ის 9 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზე იმყოფება. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.