„მოედანზე ზუსტად ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭირო იყო“ - ანრიმ კვარაზე ისაუბრა
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით, 5:2 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. მოედანზე შემოსვლის წამიდან, ხვიჩა ორივე გუნდის შემადგნელობაში საუკეთესო გახდა - 74-ე წუთზე ჯერ საგოლე პასი გააკეთა, რა დროსაც ვიტინიას გაატანინა და ანგარში 3:2 გახდა, 86-ე და 90+4-ე წუთებზე კი დუბლი შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახაელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ შეაფასა.
რა თქვა ანრიმ:
„ძალიან მომეწონა ის, რაც ვიტინიას გოლის დროს გააკეთა. შეეძლო თავად დაერტყა, თუმცა პასი გააკეთა და ვიცით, როგორ დაასრულა ეს მომენტი ვიტინიამ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა ხარისხის მოთამაშეა ხვიჩა.
ბოლო პერიოდში საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც თავად ისურვებდა, თუმცა მას კონკრეტული დავალება მისცეს. არ გაბუტულა იმის გამო, რომ სკამზე დარჩა — მოედანზე სწორედ ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭიროა: გადიხარ მინდორზე და გარდატეხას ახდენ. მან ეს შეძლო!
როდესაც გყავს კვარაცხელიასნაირი ბიჭი, რომელსაც შეუძლია სკამიდან ჩაერთოს, დემბელესთან ერთად ითამაშოს, ფლანგები ცვალოს... თავიდანვე ვთქვი: თუ ეს გუნდი „აიწყვიტავს“, მეტოქეებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან.
არსებობს ერთი რამ, რაც ამ გუნდში მომწონს და რაც თავად კვარაცხელიამაც დაამტკიცა - გაქვს უფლება, იყო ნაწყენი, როცა სკამზე გსვამენ, მაგრამ მოედანზე ნაწყენი არ უნდა გახვიდე იმ ფიქრით, რომ „ძირითადში უნდა ვყოფილიყავი“. როდესაც კვარა თამაშში ჩაერთო, ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ეს ბრაზი საქმედ აქცია: გაიტანა ორი გოლი, გააკეთა ასისტი... აი, ზუსტად ასეთი დამოკიდებულებაა საჭირო წარმატებისთვის.“
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პარი სენ-ჟერმენისა და ჩელსის საპასუხო დაპირისპირება სტემფორდ ბრიჯზე 17 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.