ხვიჩა კვარაცხელია, პიტერ შმეიხელი
Aa
Aa

„მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - კვარას ინტერვიუ შმეიხელთან

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით, 5:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. მოედანზე შემოსვლის წამიდან, ხვიჩა ორივე გუნდის შემადგნელობაში საუკეთესო გახდა - 74-ე წუთზე ჯერ საგოლე პასი გააკეთა, რა დროსაც ვიტინიას გაატანინა და ანგარში 3:2 გახდა, 86-ე და 90+4-ე წუთებზე კი დუბლი შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახაელეს.

მატჩის ბოლოს, ქართველმა ვარსკვლავმა თავისი თამაში CBS Sports-ის ეთერში, ლეგენდარულ დანიელ მეკარე პეტერ შმეიხელთან შეაფასა:

პეტერ შმეიხელი - სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყავი. თუმცა, ტელეკამერებმა რამდენჯერმე დაგაფიქსირეს და ძალიან იმედგაცრუებული ჩანდი იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყავი, შემდეგ კი შემოხვედი და მატჩის საუკეთესო გახდი. როგორ შეაფასებ ამას?

კვარაცხელია - რა თქმა უნდა, მესმის. ვფიქრობ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უხაროდეს. თუმცა, ვიცით, რომ შეტევაში ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ 90-ს, მინდა 100%-ით დავიხარჯო. დღესაც ასე მოვიქეცი, თუმცა ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა – ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩელსი სამბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ შემდეგი თამაშია და ფოკუსირებულები უნდა დავრჩეთ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა.

შმეიხელი - ბევრის აზრით, 5-2 დაუჯერებელია. თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა, რომ საქმე 5-2-მდე მივიდოდა. უფრო 2-2-ს ჰგავდა და ეს სამართლიანი შედეგიც იქნებოდა, თუმცა თქვენ მაინც მოახერხეთ ეს.

კვარა - დიახ, ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ მაშინაც კი, როცა ანგარიში 4-2 გახდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა გვინდოდა. ბოლო მონაკვეთში შესანიშნავად ვიმუშავეთ, ყველა მოთამაშემ კარგად იბრძოლა კონტრშეტევებზე. ვფიქრობ, ეს არის პსჟ-ს მთავარი მიზანი – გვინდა მუდმივად წინ ვიაროთ და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე ლიგა 1-ის მოსაგებად.

შმეიხელი - გუნდში ერთი წლის წინ მოხვედი, ცოტა უფრო ადრეც კი, ვიდრე პსჟ-ს აღმავლობა დაიწყებოდა. ხედავ მსგავსებას გასულ სეზონსა და ახლანდელ მდგომარეობას შორის?

კვარა - რა თქმა უნდა. გასული წლის დასაწყისიც რთული იყო, მაგრამ შემდეგ გუნდმა ყველაფერს თავი გაართვა. იმედი მაქვს, წელსაც ასე იქნება. თუმცა, მთავარია ჩვენს თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პარი სენ-ჟერმენისა და ჩელსის საპასუხო დაპირისპირება სტემფორდ ბრიჯზე 17 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი პერფორმანსი გრანდიოზული იყო!“ - ფრანგული მედია კვარას აფასებს
„მისი პერფორმანსი გრანდიოზული იყო!“ - ფრანგული მედია კვარას აფასებს