ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თავისი ტალანტის მთელი მასშტაბი აჩვენა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ლუის ენრიკემ თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე დატოვა, თუმცა თამაშში 62-ე წუთიდან ჩართო და დარჩენილ დროში, ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელთან, მოჰამედ სისოკოსთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც ვეტერანმა ნახევარმცველმა პარიზული გუნდის გამოსვლა და ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსი შეაფასა.

მოჰამედ სისოკოს ინტერვიუ:

„ამ მატჩის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს გუნდი არ დაგვიკარგავს. ჯერ კიდევ გასული სეზონიდან მოყოლებული, როდესაც გუნდმა ბევრი ტიტული მოიგო, ფეხბურთელებს ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და დასვენების დრო თითქმის არ ჰქონიათ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ახლა შედარებით რთულ ფაზას გადიან.“

„მიუხედავად ამისა, ვხედავ გუნდს, რომელიც კვლავინდებურად კონკურენტუნარიანია, აქვს სული და, რაც მთავარია, ჰყავს მაღალი კლასის მოთამაშეები. დღევანდელმა გამარჯვებამ არ გამაკვირვა — გამოცდილმა ფეხბურთელებმა საკუთარი სიტყვა თქვეს და ეს საბოლოო შედეგზეც აისახა.“

„ვფიქრობ უსმან დემბელეზე, რომელიც ყოველთვის ფასდაუდებელია; კვარაცხელიაზე, რომელიც თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და ბრედლი ბარკოლაზე, რომელიც ახერხებს იყოს სტაბილური და გადამწყვეტი. ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ის საყრდენი, რაც „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი ძალაა.“

„მიმაჩნია, რომ ეს შედეგი სრულიად დამსახურებულია. იმ ძალისხმევისა და ხარისხის გათვალისწინებით, რასაც ისინი აჩვენებენ, სხვაგვარად ვერც იქნებოდა.“

„კვარას თადარიგში დატოვება? ამ ფაქტმა მასზე დადებითად იმოქმედა, გარკვეულწილად, მის თავმოყვარეობას შეეხო. ნებისმიერ მაღალი დონის ფეხბურთელს სურს, ასეთი რანგის მატჩებში ძირითად შემადგენლობაში იყოს. ლუის ენრიკე როდესაც გუნდს აკომპლექტებს, სწორედ იმას ელის, რომ შეცვლაზე შესული მოთამაშეები გარდატეხას შეიტანენ.“

„ხვიჩამ თავისი ტალანტის მთელი მასშტაბი აჩვენა — ძალიან ეფექტური იყო და თამაში ორი გოლითა და საგოლე გადაცემით დაასრულა. მას მოედანზე განსაკუთრებული აზარტი და ჟინი შეაქვს. იცის პასის გაკეთება, იცის გატანა და შეუძლია მეტოქეზე უდიდესი გავლენის მოხდენა — ის მართლაც სრულყოფილი ფეხბურთელია. ჩემთვის მისი ასეთი თამაში სიურპრიზი არ არის, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სეზონის გაგრძელებისთვის.“

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პარი სენ-ჟერმენისა და ჩელსის საპასუხო დაპირისპირება სტემფორდ ბრიჯზე 17 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - კვარას ინტერვიუ შმეიხელთან
„მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - კვარას ინტერვიუ შმეიხელთან