UEFA-მ გამონაკლისი დაუშვა - ერთა ლიგის პირველ მატჩს მხოლოდ ჩრდ. ირლანდიელი ფანები დაესწრებიან
უეფას ერთა ლიგის 2026 სეზონის პირველ შეხვედრა, საქართველოს ნაკრებსა და ჩრდ. ირლანდიის ეროვნულ გუნდს შორის მხოლოდ ირლანდიელი ფანები დაესწრებიან.
ინფორმაციას ჩრდ. ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის გვერდი, UEFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრები დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაესწრებიან, მიზეზი კი სომხეთის ნაკრებთან მომხდარი რამდენიმე ინციდენტია, რის გამოც UEFA-მ 1-მატჩიანი ბანით დაგვსაჯა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამონიკაკლისი ჩრდ. ირლანდიელი ფანებისთვის დაუშვა, რის მიხედვითაც, სტუმარი გუნდისთვის განკუთვნილ 5%-იან ადგილებს ჩრდ. ირლანდია სრულად აითვისებს.
ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადება:
უეფასთან გამართული კონსტრუქციული დიალოგის შემდეგ, ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც მგზავრობა და საცხოვრებელი დაჯავშნილი ჰქონდათ მანამ, სანამ საქართველოში გასამართი ერთა ლიგის მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარების გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, თამაშზე დასწრების ნება დაერთვებათ.
გულშემატკივრებს, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მგზავრობის დეტალები სტადიონის დახურვის გადაწყვეტილებამდე მოაგვარეს, მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. ბილეთები გამოიყოფა „პირველი კატეგორიის“ იმ ქვოტიდან, რომელიც უეფას რეგულაციებით ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციისთვის არის განკუთვნილი. ასოციაცია თავად დაუკავშირდება შესაბამის გულშემატკივრებს ბილეთებთან დაკავშირებული დეტალების დასადასტურებლად.
ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პატრიკ ნელსონი:
„ჩვენ ვაფასებთ იმ გულშემატკივრების ერთგულებას, რომლებმაც წინასწარ დაგეგმეს მგზავრობა გუნდის მხარდასაჭერად. ასევე კარგად გვესმის იმ იმედგაცრუების შესახებ, რომელსაც ზოგიერთი ფანი იგრძნობს დაწესებული შეზღუდვებისა და ამ მატჩის გარშემო არსებული უნიკალური გარემოებების გამო. მადლობას ვუხდით მათ მოთმინებისთვის, გაგებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებების მატჩი 25 სექტემბერს გაიმართება.