„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა
„ტოტენჰემის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ენჯ პოსტეკოგლუ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უეფას ტექნიკური დამკვირვებელია და მნიშვნელოვანი მატჩების ტაქტიკურ ანალიზს აკეთებს. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ შეხვედრის შემდეგ პოსტეკოგლუმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და ქართველი გარემარბი შეაქო.
„მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დანარჩენი ნაწილი გუნდურობაზე, თავისუფლად მოძრაობასა და კონტრშეტევებზე იყო აგებული, ვნახეთ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი სირბილით, მეტოქეების მოტყუების უნარითა და, რა თქმა უნდა, შეტევების დაგვირგვინებით, მატჩზე გავლენა მოახდინა. ის მოედანზე მაშინ შევიდა, როცა ფეხბურთელები ოდნავ დაღლილნი იყვნენ და თამაშზე საოცარი გავლენა ჰქონდა.
მის მიერ შერჩეული მომენტი დასარტყმელად უბრალოდ დაუჯერებელია და ბურთი უკვე გაცდენილია იორგენსენს მანამ, სანამ ის გადახტებოდა. ეს ეპიზოდი აჩვენებს, რამდენად დიდი თვითრწმენა აქვს. მან ძალიან კარგი პასი მიიღო და თქვა: „პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ და მიხარია, რომ მთავარი ფიგურა ვარ.“ საოცარი საფეხბურთო მომენტი იყო — ინდივიდუალური რწმენა, რომელიც ტექნიკურობით არის გამყარებული.
3:2 იყო, შემდეგ 4:2 გახდა და გოლების გატანა კიდევ უნდოდათ. კანგ-ინ ლიმ კარგად ითამაშა და სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან მას 2-3 ვარიანტი ჰქონდა და იდეალური აირჩია. ხედავთ კვარაცხელიას სიმშვიდეს საჯარიმოში, რაც დაეხმარა სუფთად და ზუსტად დაერტყა.“
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ წინააღმდეგ კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და უეფას კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. მისი კონკურენტები ფედერიკო ვალვერდე, ხულიან ალვარესი და მაიკლ ოლისე არიან. „კვარა“ კვირის საუკეთესო გოლზეცაა ნომინირებული.