ილია პიმბლეტის წინააღმდეგ? | რა თქვა დენა უაითმა თოფურიას მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TNT Sports-ს ექსკლუზიური ინტევიუ მისცა და ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. უაითის თქმით, მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლა ამ ეტაპზე ჩანიშნული არ არის.
ჟურნალისტის შეკითხვა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პედი ილიასთან სატიტულო ჩხუბისთვის მზად არის. მათ ერთმანეთი არ მოსწონთ და ფანტასტიკური ორთაბრძოლა იქნება. განიხილავთ თუ არა ამ ვარიანტს?“
„ყოველთვის ბევრ რაღაცას განვიხილავთ და ბევრ რამეზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, საინტერესო ჩხუბია და ხალხი მას სიამოვნებით ნახავდა, თუმცა ამ მომენტისთვის ეს ორთაბრძოლა ჩანიშნული არ არის. ვცდილობთ გავარკვიოთ, თოფურიასთვის შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს“, - განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ელ მატადორი“ იანვრის დასაწყისში პედი პიმბლეტს შეხვდებოდა. რამდენიმე საათის წინ კი თავად პიმბლეტმა ილიას საჯაროდ მოუწოდა, კონტრაქტს ხელი მოაწეროს.