ირაკლი ცირეკიძე
Aa
Aa

„ტატოს სიმშვიდე დააკლდა, ბექაურზე კი მოგვიბოდიშეს“ - ცირეკიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, რომელმაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას 2008 წლის პეკინის თამაშებზე მიაღწია, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ახლაც სპორტის ამ სახეობაში რჩება და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებს.

ბუნებრივია ცირეკიძე ეროვნული გუნდის შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობს და შესაბამისად, უნგრეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობის შეფასების მოსმენა მისგან უდავოდ საინტერესოა. Crystalsport-თან ინტერვიუში ქართული ძიუდოს ერთ-ერთმა ლეგენდამ თითოეულ წონით კატეგორიაში მომხდარი ამბები დეტალურად გაანალიზა.

ირაკლი ცირეკიძე

ევროპის წლევანდელი ჩემპიონის და მსოფლიოს პირველობის შარშანდელი გამარჯვებულისგან დიდი მოლოდინი გვქონდა და ალბათ გიორგი სარდალაშვილი წარმატებასაც მიაღწევდა, ყველაფერი მსაჯების არაობიექტურ გადაწყვეტილებას რომ არ გაეფუჭებინა. მერწმუნეთ, დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ გიორგის მეტოქე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო, სხვა შემთხვევაში სხვანაირად შეფასდებოდა ყველაფერი.

ვაჟა მარგველაშვილი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, მაგრამ ამჯერად ვერ გაისარჯა ისეთ დონეზე, როგორც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტს შეეფერებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა სათანადო დასკვნებს გამოიტანს და მომდევნო შეჯიბრებები მისთვის გაცილებით წარმატებული იქნება.

რაც შეეხება ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს - ლაშა შავდათუაშვილს აქვს ხოლმე ტურნირები, სადაც არაფერი გამოსდის და ბევრი თვლის, რომ მიხეილ ბახბახაშვილის სახით მას სათანადო შემცვლელი გამოუჩნდა. თუმცა, ყოველდღიურად იმდენად პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად მუშაობს, რომ მისი საქმისადმი მიდგომა თითოეული ძიუდოისტისთვის გადამდები და მაგალითის მიმცემია, რის გამოც ის გუნდისთვის ჯერ კიდევ დიდი სარგებლის მომტანია.

ტატო გრიგალაშვილზე ვიტყვი იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ემოციური ფონი იგრძნობოდა და მას ნერვიულობის გარეშე, შედარებით მშვიდად რომ ეჭიდავა, მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ აუცილებლად გახდებოდა. რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი ფაქტორი იყო გახეთქილი წარბიც, რის გამოც მხედველობაში ძალიან უჭირდა. რაც შეეხება ტიმურ არბუზოვს, უზომოდ ძლიერი ოპონენტია, თუმცა სწორედ ასეთი მოწინააღმდეგის გამოჩენა ტატოს კიდევ უფრო ძლიერს გახდის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს გაისად დაიბრუნებს.

სიმართლე გითხრათ, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთ ქართულ ფინალს ვვარაუდობდი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ლაშა ბექაურზე გეტყვით, რომ მას იტალიელთან წაგებულ შეხვედრაში, სანამ იპონზე დაეცემოდა, ასპროცენტიანი იუკო არ მისცეს, რაც მოგვიანებით საერთაშორისო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმაც აღიარა და მოგვიბოდიშეს, მაგრამ როდესაც მთელი წელი ჩემპიონობისთვის ემზადები და ვარჯიშებში კოლოსალურ ენერგიას ხარჯავ, ბოდიში შვებას ვერ მოგგვრის.

ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, ილია სულამანიძისგან გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ის ყოველ ტურნირზე ოქროსთვის იბრძოლებს და ამჯერადაც ასე ვიყავით განწყობილი, თუმცა დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა და რატომ გამოეთიშა ასე ნაადრევად მსოფლიოს პირველობას. ერთი რამ კი ცხადია, რომ ქართველს ისევ ქართველი თუ მოუგებს და ამიტომაც, ნიკოლოზ შერაზადიშვილის გამარჯვება არ იყო დიდი სენსაცია.

გურამ თუშიშვილმა უმაღლეს დონეზე იჭიდავა და განსაკუთრებით გამოვარჩევდი კორეელ სპორტსმენთან ნახევარფინალს, რომელსაც უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. რაც შეეხება ინალ ტასოევთან ფინალს, აქ ყველაფერი გამართლებაზე იყო დამოკიდებული და სამწუხაროდ ფორტუნა ისევ გურამის მეტოქის მხარეს აღმოჩნდა.

ცნობისათვის, ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. პლანეტის პირველობის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე დიდ წარმატებას კი ჩვენმა ქვეყანამ შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მიაღწია, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბექაურმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა“ - ხაბარელი ნაკრებით აღფრთოვანებულია
„ბექაურმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა“ - ხაბარელი ნაკრებით აღფრთოვანებულია