ვლადიმერ ნუცუბიძე
Aa
Aa

„იუკოსა და ვაზარის ზღვარზე იყო“ - ნუცუბიძის განმარტება თუშიშვილის საფინალო ილეთზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებიდან დიდი ხნის განმავლობაში არ ამოიშლება. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გარკვეულ წონებში მომხდარი იმედგაცრუება შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მიღწეულმა ტრიუმფმა მთლიანად გადაფარა და ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ერთხელ ყველას დაუმტკიცეს, რომ მოწინავე პოზიციებზე დგანან.

ტურნირის მსვლელობისას, იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც არბიტრების მიერ მიღებულმა ვერდიქტებმა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია. ეს განსაკუთრებით ითქმის გიორგი სარდალაშვილთან და გურამ თუშიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებზე. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, პროფესიული განმარტება Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო კატეგორიის ქართველმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ გააკეთა, რომელიც მთელ მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.

რას ამბობს ნუცუბიძე

მსაჯობაში არსებობს წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუშიშვილის მიერ გაკეთებული გდება იყო იუკოსა და ვაზარის ზღვარზე - არბიტრმა ვაზარად შეაფასა, მაგიდის მსაჯებმა კი იუკოდ გადააკეთეს. მე ერთმნიშვნელოვნად არ ვამბობ, რომ იუკო გახლდათ, ან ვაზარი, ამ ორ შორის იყო არჩევანი გასაკეთებელი და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბევრმა არ იცის და მათ გასაგონად მინდა ვთქვა - მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ჩატარდა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც მრჩეველთა საბჭომ მიმართა კონგრესს რეკომენდაციით წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები ასეთი დონის შეჯიბრების წინ ძალაში არ შედის, მაგრამ ახლა რატომღაც ასე მოხდა, რასაც ნამდვილად არ ვთვლი რომ სწორია. მთავარი ნოვაცია კი გახლდათ ის, რომ იუკო ბევრად უფრო იოლად მისაცემი გახდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტური მიზეზების გამო, უნგრეთში მე შედარებით გვიან ჩავედი, თავდაპირველად ჩემი კოლეგების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მეც გაოცებული ვიყავი, განსაკუთრებით გიორგი სარდალაშვილთან მიმართებაში, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გავიგე, მივხვდი საქმე რაშიც იყო.

ჩვენი ამოცანა იცით რაში უნდა მდგომარეობდეს? როდესაც შეიქმნება თუშიშვილი-ტასოევის ჭიდაობის დროს მომხდარი ეპიზოდის მსგავსი და იუკოსა და ვაზარს შორის იქნება გადაწყვეტილება მისაღები, ჩვენი გდებები ვაზარით შეფასდეს. ეს ყველაფერი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფუნქციონერებზე არის დამოკიდებული და მათ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ვესაუბრე.

რაც შეეხება ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას, უზომოდ გახარებული, გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ. მხოლოდ მოწინავე სპორტსმენებს შეუძლიათ ისეთი რეაბილიტაციის ერთ დღეში მოხდენა, როგორიც ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მოახერხეს. მერწმუნეთ, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს რომ შევედაროთ, ჩვენ ქვეყანაში არსებული დაფინანსების პირობებში, ქართველი ძიუდოისტები 100-პროცენტიან კი არა, 1000-პროცენტიან შედეგს დებენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პლანეტის პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შერეული გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ქართველებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ეთერ ლიპარტელიანი ავიდა, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველას თავისი შეგნება აქვს“ - რატომ არ ჩამოართვა თუშიშვილმა რინერს ხელი
„ყველას თავისი შეგნება აქვს“ - რატომ არ ჩამოართვა თუშიშვილმა რინერს ხელი