საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

„ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა“ - ევროპის ძიუდოს კავშირი ქართველების ხასიათზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შერეული გუნდური შეჯიბრება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის მომზადებულმა გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით ჩინეთის, იტალიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის უძლიერესი ნაკრებები დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ბუნებრივია, ქართველი ძიუდოისტების საოცარ გამოსვლას EJU-ს (ევროპის ძიუდოს კავშირი) ოფიციალური ვებ-გვერდი მალევე გამოეხმაურა და ასეთი შეფასებები გაკეთდა:

„ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გვითხრა, რომ ისინი სულ იბრძვიან და ბრძოლა, ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლაა მათი დევიზი. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ მათმა გუნდმა ამ ტიტულის მოგება მიზნად 2017 წელსვე დაისახა და დასახული ამოცანა ამჯერად გადაჭრეს.

რა შეიძლება ითქვას ფინალურ დაპირისპირებებზე? ლი სიონგბეგი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორისგან გურამ თუშიშვილისგან თავს საკმაოდ კარგად იცავდა და ტაქტიკურად არაჩვეულებრივად მუშაობდა. კლასით ქართველი მაღლა იდგა, თუმცა მოხდა სასწაული და გურამი დამარცხდა.

წონასწორობა ეთერ ლიპარტელიანმა აღადგინა, რომელმაც მიმდინარე პირველობაზე საოცრად დომინანტური ძიუდო აჩვენა და ასე თუ განაგრძობს, თავის წონით კატეგორიაში კონკურენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება.

ნახევარფინალურ ბრძოლებში როგორც მიხეილ ბახბახაშვილმა, ასევე დონგჰეინ ბაემ უმაღლეს დონეზე იჭიდავეს, რის გამოც მათ წყვილში ფავორიტის დასახელება რთული იყო, მაგრამ ქართველმა იმძლავრა და ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა.

მარიამ ჭანტურიამ მეტოქესთან თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და თითქოს კორეელს სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა, დროს მხოლოდ ქართველი იყენებდა და გამოიყენა საკუთარი უპირატესობის გასაზრდელად.

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები გაენაღდებინა, ლაშა ბექაურს თავისი შეხვედრა უნდა მოეგო, რაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იდეალურად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოახერხა“.

ცნობისათვის, ორი თვის წინ საქართველოს ნაკრებმა პირველ დიდ წარმატებას შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია და კონტინენტის პირველობაც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია - ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია - ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი