„ეს საქართველოა“ – IJF-ი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფზე
ახალი ჩემპიონის გამოჩენას სპორტის ნებისმიერ სახეობაში დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ასეა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრების დასრულების შემდეგაც - საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის, იტალიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთიმეორეზე დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა. ქართველების ტრიუმფს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი საკმაოდ ვრცლად გამოეხმაურა:
„ფინალური ბლოკი რეგლამენტით გათვალისწინებულზე ადრე დასრულდა, რაც ქართველების დამაჯერებელი ჭიდაობის დამსახურებაა. ისევე როგორც საქართველოს, სამხრეთ კორეის ნაკრებიც შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალში პირველად ასპარეზობდა და ქართველებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს.
თავდაპირველად ყველაფერი კორეელთა სასარგებლოდ დაიწყო - აზიის ჩემპიონმა სიონგ ლიმ ოლიმპიური პრიზიორი გურამ თუშიშვილი დაამარცხა. ამას მოჰყვა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2024 და 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონების შეხვედრა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი მიმი ჰუზე ძლიერ აღმოჩნდა. ფაქტია - ეთერის განახლებულ ვერსიას ვადევნებთ თვალს და ის გამორჩეულ ძიუდოისტად ყალიბდება.
მიხეილ ბახბახიშვილისა და დონგჰუინ ბაეს შეხვედრაში გამარჯვებულის გამოცნობა საკმაოდ რთული იყო, რადგან სოლიდური საერთაშორისო წარმატება არც ერთს არ უმაგრებდა ზურგს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბახბახაშვილი ფანტასტიური გახლდათ და ყველაფერი თავის სასიკეთოდ დაასრულა.
მარიამ ჭანტურიაც საკმაოდ დამაჯერებელი იყო, რომელმაც მეტოქეს ორჯერ აართვა ვაზარი და კორეელების იმედს, რომ შედარებით გამოუცდელ ქართველ გოგონასთან ქულას აიღებდნენ, ცივი შხაპი გადაასხა. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, სამშობლოს წარმატებისთვის როგორც ნახევარფინალში, ასევე ფინალში გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ინდივიდუალურში განცდილი ფიასკოს კომპენსირება მოახერხა“.
IJF-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს ხაზი გასმული კიდევ ერთხელ ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანის გმირობას, რომელიც ერთ ტურნირზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და საკუთარი ისტორიის დაწერასთან ერთად, ნაკრებსაც დაეხმარა წარმატების მიღწევაში.