ხუთიდან ვერც ერთი ტიტული - ინძაგის საშინელი წელიწადი
სიმონე ინძაგი მსოფლიო დონის მწვრთნელია, თუმცა ამასთან ერთად ალბათ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ადამიანია. გუშინ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ფლუმინენსესთან“ (1:2) მისი მომზადებული „ალ-ჰილალის“ მარცხის შემდეგ, სტატისტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წლევანდელ სეზონში 49 წლის იტალიელ სპეციალისტს, „ინტერსა“ და საუდის არაბეთში მუშაობისას, ერთბაშად ხუთი ჯილდოს მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში უტიტულოდ დარჩა.
სიმონეს უიღბლობა ზამთარში დაიწყო, როდესაც მისი გაწვრთნილი ნერიაძური სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელ „მილანთან“ დამარცხდა. ამას მოჰყვა უკვე კოპა იტალიას ნახევარფინალში „დერბი დელა მადონინაში“ განცდილი წარუმატებლობა, იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლისთან“ წაგებული ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ სამარცხვინო მარცხი.
შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სიმონე ინძაგიმ „ლაციოს“ ორჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი, ხოლო „ინტერს“ 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ სკუდეტო მოაგებინა.