რომამ უარი მიიღო | ბოლო ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძის გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიური „რომაა“, და იტალიური პრესის ინფორმაციით, „ჯალოროსიმ“ „ლიონს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „რომა“ მზად იყო, მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა უარი მიიღო. „ლიონს“ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს და სხვა წინადადებების მოლოდინშია. გარდა ამისა, 10 ივლისს ფრანგული კლუბის აპელაცია განიხილება, და მანამდე „ლიონმა“ ანგარიშები 100 მილიონი ევროთი უნდა შეავსოს.
„რომას“ ერთად, მიქაუტაძის გარშემო განვითარებულ პროცესებს „ფენერბაჰჩე“ და „გალათასარაიც“ აკვირდებიან. მათი მთავარი სირთულე ისაა, რომ მიქაუტაძეს თურქეთში თამაში არ სურს და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში დარჩენაზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში“ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა. საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 11-ს შეადგენს. მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.