ოფიციალურად: მამუკელაშვილი ტორონტოს კალათბურთელია
სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მამუკელაშვილი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
„მამუმ'' 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ორწლიან პერიოდში ხელფასის სახით 5,5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, მამუკელაშვილის საკუთარ რიგებში ხილვით „პანათინაიკოსი“ დაინტერესებული იყო. ბერძნული კლუბი სანდროს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდა, მაგრამ ქართველ კალათბურთელს NBA-ს დატოვება და ევროპაში გადასვლა არ სურდა.
26 წლის მამუკელაშვილს, რომელიც ამპლუით მძიმე ფორვარდია, NBA-ში „მილუოკი ბაქსსა’’ (2021-23) და „სან ანტონიო სპურსში’’ (2023-25) უთამაშია.
ცნობისთვის, გასულ სეზონში სანდრომ მონაწილეობა 61 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 11.2 წუთს ატარებდა. მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 6.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 0.3 დაფარება, 0.3 ჩაჭრა და 0.8 შედეგიანი გადაცემა.