კორტზე 70 წამის გამო გაიყვანეს | შელტონისა და ჰიჯიკატას უცნაური მატჩი
უიმბლდონის მეორე რაუნდში მსოფლიოს მეათე ჩოგანი, ბენ შელტონი რინკი ჰიჯიკატას დაუპირისპირდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში იმარჯვა, თუმცა გუშინ დაწყებული შეხვედრა დღეს დასრულდა.
შელტონმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, მეორე პარტიაში კი ჰიჯიკატას 7:5 აჯობა. მესამე სეტში, შელტონი 5:4-ს იგებდა და მისი მოწოდება იყო, თუმცა მატჩის შეწყვეტა გადაწყდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი დროით, 21:30 საათი გახლდათ, ღამდებოდა და კორტზე სათანადო განათება არ იყო, რის გამოც, Hawk Eye-ის ტექნოლოგია გამართულად ვერ იმუშავებდა. კოშკურის არბიტრს არ სურდა, Hawk Eye-ის ტექნოლოგია შუა თამაშში გაჩერებულიყო და მატჩი გადადო.
შელტონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ მხოლოდ 60 წამი სჭირდებოდა, რათა ბოლო გეიმი მოეგო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, ის და ჰიჯიკატა კორტზე დღეს გავიდნენ და ბენმა საქმე ზუსტად 70 წამში დაასრულა - 3 ეისი და ერთი დაუბრუნებელი მოწოდება.
ცნობისთვის, მესამე რაუნდში შელტონი მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც გაელ მონფილსი სამ სეტში დაამარცხა.