„მათი ბრძოლა ასე დასრულდება“ - დემეტრიუს ჯონსონი ილია-ისლამის დაპირისპირებაზე
ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული დათმო და ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა, თუმცა მასსა და ილია თოფურიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრები არც სპორტულ მედიასა და არც MMA-ს სამყაროში არ წყდება. ფონი ზუსტად ისეთია შექმნილი, როგორც კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლამდე იყო და შესაბამისად ყველა ელის, რომ UFC-ის ხელმძღვანელები ადრე თუ გვიან, ისლამი-ილიას შეხვედრას ჩანიშნავენ. ასეთივე აზრზეა ლეგენდარული მებრძოლი დემეტრიუს ჯონსონი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მიუხედავად იმისა, რომ მახაჩევი და თოფურია უკვე სხვადასხვა დივიზიონებში იბრძვიან და შესაბამისად, სხვადასხვა მიზნები აქვთ, ბევრის მსგავსად, მეც დარწმუნებული ვარ, რომ მათ ორთაბრძოლას ვერსად გავექცევით. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი აზრით ისლამი ილიას თეიქდაუნს შეუსრულებს და საბმიშენით გაიმარჯვებს“.
დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის უმსუბუქეს წონით კატეგორიაში 2012-2018 წლებში ჩემპიონის ტიტულს უცვლელად ფლობდა და ქამარი 11-ჯერ დაიცვა, რითაც ჯონ ჯონსთან ერთად, ყველა დროის რეკორდსმენად ითვლება.