„ჩემი, ილიას და ისლამის დონის არ არის“ - ცარუკიანმა პიმბლეტზე ისაუბრა
მსუბუქი წონითი დივიზიონი UFC-ში ყოველთვის საინტერესო ორთაბრძოლებითა და ინტრიგებით იყო სავსე და შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლების გასვლასთან ერთად, ეს ყველაფერი კი არ მცირდება, არამედ იზრდება. სიტუაცია ვერც ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონაში ასვლამ შეცვალა, რადგან ილია თოფურიას გამოჩენა და პირველივე საჩემპიონო შეხვედრაში ქართველი „ელ მატადორის“ ბრუტალური ნოკაუტით გამარჯვება ბევრს ნერვებს უშლის.
ამ ბევრს შორის ორი განსაკუთრებით არის წყობიდან გამოსული და ესენი არმან ცარუკიანი და პედი პიმბლეტი არიან, რომელთა შორისაც, სომეხი მებრძოლის ბოლო განცხადების შემდეგ, შესაძლოა ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს.
არმან ცარუკიანი
პედი პიმბლეტი მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ-ხუთეულის მებრძოლის დონეს ვერ აკმაყოფილებს. მას შეუძლია დაამარცხოს ჩარლზ ოლივეირა და ჯასტინ გეიჯი, მაგრამ ნამდვილად არ შეუძლია მე, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს გვაჯობოს, რადგან ჩვენ ფორმის პიკზე ვართ. როგორ აგიხსნათ, პიმბლეტი ფავორიტია ისეთ მებრძოლებთან, რომლებიც თითქმის პენსიაზე არიან გასული, ან წაგებების სერია აქვთ.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სომეხი მებრძოლი თოფურია-ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლას აზღვევდა და აქვს დიდი სურვილი იგივე ამპლუაში ჰოლოუეი-პორიეს შეხვედრის დროსაც იყოს.