ოფიციალურად | გიორგი შერმადინმა ლაგუნა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
გიორგი შერმადინმა „ლაგუნა ტენერიფესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საკუთარ გულშემატკივრებს აუწყა, რომ „შერმინატორი“ გუნდის ღირსებას კიდევ ორი წლით, 2026/27 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.
„ჩემი ოჯახი ტენერიფეში ცხოვრებით ძალიან ბედნიერია. მინდა, ამ კლუბს დავეხმარო, რომ კარგად თამაში გააგრძელოს და მომდევნო სეზონში უფრო მეტ გამარჯვებასა და დიდ წარმატებას მიაღწიოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვრჩები.
მშვენიერი სეზონი გვქონდა. მსურს, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას გავაგრძელებ და მომდევნო სეზონში ახალ სიმაღლეებს დავიპყრობთ“, - განაცხადა შერმადინმა.
ცნობისთვის, ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის გასულ სეზონში გიორგი 11.9 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებდა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16.9 იყო.