საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბრიდან დაიწყება
Aa
Aa

საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2025 წელს ბოლო ოფიციალურ მატჩს ესპანეთთან გამართავს. ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბრიდან დაიწყება, ინფორმაციას ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

„საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია.

თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები''.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გუნდმა 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 3 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ბულგარეთს უსწრებს, რომელიც 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია. ესპანეთმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, 12 ქულით პირველზეა, თურქეთი 9 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება და ამ მატჩით შესარჩევ ციკლს დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები