„სისულელეა“- ფლიკმა იამალის დაგვიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ლამინ იამალის დაგვიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მანამდე AS-მა დაწერა, რომ „ბლაუგრანას“ ვინგერი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩის (1:2) წინ, შეხვედრაზე დროულად არ გამოცხადდა და კატალონიელთა სპორტულ დირექტორს, დეკუს, მოუწია ჩარევა, რათა ჰანსი ფლიკი დაერწმუნებინა, რომ იამალი სათადარიგოთა სკამზე არ დაეტოვებინა.
„მინდა ვიცოდე, საიდან გაჩნდა ეს ჭორი. სისულელეა. ბოდიშს ვიხდი ასეთი სიტყვებისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა. დეკუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ის არასდროს მთხოვდა ასეთი რამის გაკეთებას. ეს სისულელეა. ეს ჭორი სისულელეა. თუ ვინმემ ეს თქვა, მან იცრუა“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ფლიკს, არაერთხელ მოუხსნია მოთამაშეები სასტარტო შემადგენლობიდან ვარჯიშზე დაგვიანების გამო.
ცნობისთვის, ლამინი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე 18 წლის ესპანელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.