ზურიკო ბეშიქთაშში გადასვლისთვის მზადაა | მწვრთნელის ფავორიტი მოთამაშეა
გამოცემა Sözcü-ს ცნობით, „ბეშიქთაშის’’ მთავარი მწვრთნელის, სერგენ იალჩინის ფავორიტი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. აღნიშნული წყაროს ცნობით, თურქულ კლუბში ამბობენ, რომ ზურიკო „ბეშიქთაშში’’ გადასვლისთვის მზადაა. „ბეშიქთაში’’ ზურიკოს გადაბირებისთვის აქტიურად იმუშავებს და მოლაპარაკებაში კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი ჩაერთვება.
ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორმა იონდერ იოზენმა განაცხადა: „ბეშიქთაშისთვის'' ყველაზე სწორი არჩევანი ზურიკო დავითაშვილი იქნება. დავითაშვილი ჩემთვის ერთადერთი ვარიანტია. ასევე მინდა დავამატო: დავითაშვილი თურქეთში მხოლოდ „ბეშიქთაშში'' შეძლებს წარმატებას.“
ზურიკოს რომ გასულ ზაფხულში „სენტ-ეტიენიდან'' წასვლა სურდა, ფრანგულმა და თურქულმა წყაროებმა არაერთხელ დაწერეს. ასევე, სექტემბერში „სენტ-ეტიენის’’ მცველმა მაქსიმ ბერნომ „რეიმსთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:
„სტასინი და დავითაშვილი გუნდში დარჩნენ, რაც კლუბისთვის ბრწყინვალე ამბავია. ბევრი მესმოდა და ბევრი წავიკითხე, რომ მათ გუნდიდან წასვლის ძლიერი სურვილი ჰქონდათ. შეგვიძლია მათ გავუგოთ, დიდებული წინადადებები ჰქონდათ, მაგრამ ხმაური არ აუტეხავთ, გუნდში დარჩნენ და მოტივირებულნი არიან. სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, თითოეულის მომავალი გარკვეულია’’.
24 წლის ქართველი შემტევი, რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, სურვილის და წინადადებების ჰქონის მიუხედავად „სენტ-ეტიენში'' დარჩა, კლუბმა არ გაუშვა. ამ სეზონში ქართველმა გარემარბმა ლიგა 2-ში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მეორე ადგილზეა, პირველზე მყოფს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, სექტემბრის სანაკრებო მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თურქეთს გაუტანა და ბულგარეთთან საგოლე პასი შეასრულა.