„შესანიშნავად თამაშობს“ | რას წერს Marca მიქაუტაძეზე
Marca-მ „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ მიქაუტაძის ტრანსფერი შეაფასა და მის სათამაშო ფორმას გამოეხმაურა.
„საფეხბურთო სამყაროში დიდი ინვესტიცია ყოველთვის გარანტირებულ წარმატებას არ ნიშნავს. ვილიარეალს ამის რამდენიმე მაგალითი აქვს, როგორებიც დანჯუმა (22.5 მილიონი ევრო) და პაკო ალკასერი (24.5 მილიონი ევრო) არიან. ჯერჯერობით დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძემ ვილიარეალში კარგად დაიწყო.
ქართველი ფეხბურთელი ყვითელ წყალქვეშა ნავი სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გადავიდა და კლუბმა მის სანაცვლოდ საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, 30 მილიონი ევრო გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ ადაპტაციისთვის დიდი დრო არ ჰქონია, ბრწყინვალედ თამაშობს. საუბარია, როგორც სტატისტიკაზე, ისე განწყობაზე, რომელსაც მოედანზე თანაგუნდელებს გადასცემს. სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით, ის ვილიარეალის ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია.
ქართველმა თავდამსხმელმა მონაწილეობა ლა ლიგის ხუთ და ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში მიიღო. ოსასუნასთან მან პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. რამდენიმე დღის შემდეგ, სევილიაში, ბრწყინვალედ იმოქმედა და საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ უქმეებზე, რეალთან გატანილი გოლი პირველია, რომელსაც ვილიარეალისთვის ქულა არ მოუტანია. მიქაუტაძემ საკუთარი კვალი ჩემპიონთა ლიგაზეც დატოვა და იუვენტუსს გაუტანა, რაც გუნდს ტურნირზე ქულების აღებაში დაეხმარა.“
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე იმყოფება და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ესპანეთთან და თურქეთთან გასამართი თამაშებისთვის ემზადება. „ფურია როხას“ 11 ოქტომბერს ვხვდებით, თურქეთს - 14 ოქტომბერს.