ბრწყინვალე სტარტი | მამუკელაშვილმა დენვერს 22 წუთში 15 ქულა ჩაუგდო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის ახალი რეგულარული სეზონისთვის მზადება დაიწყო. „მამუ“ და კომპანია პრესეზონის პირველ შეხვედრაში „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდნენ და 108:112 წააგეს.
სანდროს ახალ გუნდში შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 40 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა (ყველა საკუთარ ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. მამუკელაშვილს ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს და ოთხჯერ დაჯარიმდა.
MAMUUU ???? pic.twitter.com/usBw9BOMdU
— Toronto Raptors (@Raptors) October 7, 2025
„მამუმ“ მეტოქის კალათს ეფექტური პროცენტით შეუტია. სანდრომ 8 ბურთი ისროლა და 6 ჩააგდო - 5-დან 3 სამქულიანი, 3-დან 3 ორქულიანი. „ტორონტოს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ არ ჯეი ბერეტსა და ბრენდონ ინგრემს ჰქონდათ, რომლებმაც 19-19 ქულა მიითვალეს. „დენვერის“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა კრისტიან ბრაუნმა ჩააგდო. ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მიურეიმ 20 წუთში 17-17 ქულა გააკეთეს.
MAMUUUUUUU ???? pic.twitter.com/6P36MEqDwa
— Toronto Raptors (@Raptors) October 7, 2025
ცნობისთვის, „ტორონტო“ მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით, 06:00-ზე კანადელები „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდებიან.