ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ეს ფაქტი როგორც სანიოლის, ისე მთელი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს“ - AS-ის სტატია კვარაზე და საქართველოზე

11 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და უახლოესი მატჩისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს ნაკრები ადგილობრივი გავლენიანი გამოცემა AS-ის ყურადღების ცენტრში მოექცა და სააგენტომ ჩვენს გუნდს სპეციალური სტატიაც მიუძღვნა, განსაკუთრებული ყურადღება კი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ფიზიკური ფორმის შესახებ გამახვილდა.

რას წერს AS საქართველოზე:

„ორშაბათს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად ალიკანტეში ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა მათ ამ პოზიციის გასამყარებლად და პლეი-ოფში გასვლის შანსის მისაღებად რაღაც განსაკუთრებული სჭირდებათ, რადგან წინა პაუზაზე, ორ საშინაო მატჩში არაერთგვაროვანი შედეგი დააფიქსირა - თურქეთთან 2:3 დამარცხდნენ და ბულგარეთთან 3:0 გაიმარჯვეს.“

„გერმანიაში, გასაკვირად კარგად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც სანიოლის გუნდი მერვედფინალში გავიდა და გათამაშებას ესპანეთთან გამოეთიშა, ახლა ეს გუნდი დაცვაში გადახალისებას გადის. ძველ თაობას ახალი თაობა ანაცვლებს, თუმცა ამ პოზიციაზე გუნდს ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე და „ნიურნბერგის“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.“

„თუმცა, რაც სანიოლს და მთელ საქართველოს აშფოთებს, მათი ვარსკვლავის, პსჟ-ის ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობაა. კვარა ბოლო კვირის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მოგებულ მატჩსა და ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლილთან“ ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.“

„მიუხედავად იმისა, რომ პარიზში მისი გამოძახების გამო გარკვეული უკმაყოფილება გამოხატეს, ის საქართველოს ნაკრებში მაინც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და მოსალოდნელია, რომ შეკრების ბოლომდე გუნდთან ერთად დარჩება. ეს ჩანს იმ ფოტოებზე, რომელიც მისი ქვეყნის ფედერაციამ შეკრების დაწყების დროს გაავრცელა.“

„კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობა კვლავ საიდუმლოდ რჩება. სანიოლი მალე გაარკვევს, შეძლებს თუ არა მის გამოყენებას სასტარტო შემადგენლობიდან, ან სულ მცირე სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმე წუთით. ნებისმიერ შემთხვევაში, ალიკანტეში ვარჯიშის პერიოდში, ვილი მის რაც შეიძლება მალე გაძლიერებას ეცდება და გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ხვიჩა „ვილიარეალის“ თავდამსხმელ მიქაუტაძესთან ერთად, ქართული გუნდის შეტევითი ხაზის ლიდერია.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, ელჩეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, უფრო მარტივი დებიუტი სურდა, მაგრამ...“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაზე
„შესაძლოა, უფრო მარტივი დებიუტი სურდა, მაგრამ...“ - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაზე