„ასეთი არაფერი მინახავს, მასთან ჩხუბი საშინელებაა“ | ტომ ასპინალი დვალიშვილზე
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ტომ ასპინალი, მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. ინგლისელმა მებრძოლმა „მანქანა“ შეაქო და აღნიშნა, რომ მასთან ჩხუბს არ ისურვებდა.
„როდესაც მერაბს ეჩხუბები, არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, და კორიც სწორედ ამიტომ ყოყმანობდა. დვალიშვილთან ბრძოლა არ მინდა — საშინელებაა. ის არასდროს ჩერდება. ერთ მომენტში კორის ფეხი ჰქონდა დაჭერილი, ხუთი მიმართულებით დატრიალდა, შემდეგ კორპუსში შევიდა, თეიქდაუნი შეასრულა და ისევ ფეხზე წამოდგა. ყველამ იცის, რომ ერთ წუთში ზუსტად იმავეს გაიმეორებს.
კორი ცუდად გამოიყურება და მერაბთან ჩხუბი, ალბათ, საშინელებაა — ამოსუნთქვისთვის წამსაც არ გაძლევს. დროის გასვლასთან ერთად, მისი კარდიო და გამძლეობა უკეთესი ხდება — არ ვიცი, ეს როგორ გამოსდის. დვალიშვილი ყველაფერს აკეთებს, გაჩერების გარდა — ის უბრალოდ არ ჩერდება.
მერაბის მასტერკლასი — მეხუთე რაუნდშიც ისე გამოიყურება, როგორც ბრძოლის სტარტზე. დვალიშვილს საოცარი ტექნიკა აქვს, მაგრამ ხალხი ხშირად ამას უყურადღებოდ ტოვებს. მეხუთე რაუნდია და იცინის, დაღლილიც კი არ არის. მერაბი დაუჯერებელია — მსგავსი რამ არასდროს მინახავს. UFC-ში ასეთი მებრძოლი არ მინახავს.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. „მანქანას“ მომდევნო ორთაბრძოლის გამართვა მალევე სურს და პიოტრ იანთან ჩხუბის ინიციატივით გამოვიდა.