„ბაიერნი ახლა ევროპის უძლიერესი გუნდია“ - ლოთარ მათეუსი
გერმანიის ნაკრების ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ახლა მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპის საუკეთესო გუნდია. მისივე თქმით, ამაზე მიუთითებს არა მხოლოდ „რეკორდმაისტერის“ შედეგები, არამედ ისიც, რომ მიუნხენელები თამაშისგან სიამოვნებას იღებენ.
რას ამბობს მათეუსი:
„გუნდში ნათელი სტრუქტურა არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ სხვა წამყვან ევროპულ კლუბზე. მაგალითისთვის „რეალი“ ავიღოთ, სადაც უსასრულოდ საუბრობენ ჯუდ ბელინგემზე ან ვინისიუს ჟუნიორზე. „ბარსელონაში“ ფინანსური პრობლემების გამო უკმაყოფილება სუფევს. „ლივერპულმა“ ძალიან დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
წარმოიდგინეთ, „ბაიერნს“ რომ ზაფხულში ლამინ იამალი ეყიდა - ეს ნამდვილ ქაოსს გამოიწვევდა. ბოლო წლებში მიუნხენელები ამ პრობლემის წინაშე არაერთხელ დამდგარან: ვარსკვლავებს გრანდიოზული კონტრაქტები ჰქონდათ, სხვებს კი ასეთივე ხელფასები სურდათ. სწორედ ამიტომ ჩამოაყალიბა ული ჰიონესმა სახელფასო სტრუქტურა.
„ბაიერნში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თითოეულმა მათგანმა იცის თავისი როლი. ჩემი აზრით, ამაში დიდი წვლილი ვენსან კომპანის მიუძღვის“.
ცნობისთვის, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ექვსივე მატჩი მოიგო და 18 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „რეკორდმაისტერმა“ შინ „ჩელსის“ (3:1), გასვლაზე კი „პაფოსს“ (5:1) მოუგო.