ინდივიდუალური ოსტატობის ზეიმი - მარადონას დუბლი ბელგიასთან
როდესაც დიეგო მარადონას კარიერის საუკეთესო პერფორმანსზე ვსაუბრობთ, აზრად არა ერთი, არამედ რამდენიმე თამაში მოგვდის, რაც მხოლოდ არგენტინელის სიდიადეზე მეტყველებს. ბევრისთვის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისი-არგენტინის მეოთხედფინალურ მატჩთან ასოცირდება. იმ ოთხწუთიან მონაკვეთში ჩაეტია როგორც წარმატებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ბიჭუნას ხასიათი, ისე გენიალურობა, რომლითაც დიეგომ „საუკუნის გოლი“ გაიტანა.
თუმცა, უკვე მომდევნო მატჩში მარადონამ მორიგი გმირობა ბელგიასთან ნახევარფინალურ მატჩში ჩაიდინა. ისევ „სტადიო აცტეკაზე“, 115 000 ადამიანის თვალწინ. ისევე როგორც ინგლისთან მატჩში, მარადონამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრწყინა, „მოიპარა შოუ“ და არგენტინას ფინალის საგზური მოუტანა.
„ალბისელესტემ“ მატჩი ცუდად დაიწყო და დიეგო უკმაყოფილო იყო იმით, რომ პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა. 2017 წელს გამოსულ მემუარებში დიეგო იხსენებდა, როგორ ეკამათებოდა თანაგუნდელებს პირველი ტაიმის შემდეგ და ითხოვდა, ბელგიელებისთვის თავდაჯერებულად თამაშის საშუალება არ მიეცათ. მეორე ტაიმში კაპიტანმა სიტყვები საქმითაც დაადასტურა.
ბურუჩაგამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და ცენტრისკენ შეიწია. მან დაინახა, რომ მარადონა აჩქარდა და ტერფის გარე ნაწილით დიეგო მოძებნა. დანიელ ვეიტი და სტეფან დემოლი საკმარისად ახლოს იყვნენ დიეგოსთან, რათა მისთვის სივრცე შეეზღუდათ, მაგრამ მარადონამ კარიდან გამოსული ჟან-მარი პფაფი შენიშნა და თავისი ჯადოსნური მარცხენათი ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო - ყველაზე სახიფათო დიეგო მაშინ იყო, როდესაც მცველების მოახლოვებას გრძნობდა.
8 წუთში მარადონამ დუბლი გაიფორმა: ხოსე ლუის კუჩუფომ დიეგო მოძებნა და ისევ ბურთის მისაღებად გაიხსნა. არგენტინელთა „ათიანმა“ თანაგუნდელის მოძრაობით ისარგებლა, თუმცა საპახუსო პასის ნაცვლად ოთხი ბელგიელი მცველი ჩამოიშორა, პფაფთან პირისპირ გავიდა და ამჯერად ტექნიკურ დარტყმას ძლიერი ამჯობინა - 2:0.
მეოთხედფინალსა და ნახევარფინალს შორის მხოლოდ 3 დღე იყო გასული, ამიტომ ყველასთავის ნათელია, რაოდენ რთული იყო მარადონასთვის ფეხბურთზე კონცენტრირება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ინგლისთან „ღმერთის ხელის“ ეპიზოდს მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბელგიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობის წინააღმდეგ ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მარადონას არ გაუტანია და მის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მოქმედებდა, გადამწყვეტ მომენტში დიეგოს წვლილი უდიდესი იყო: გამარჯვების გოლი ბურუჩაგამ სწორედ „ოქროს ბიჭუნას“ პასით გაიტანა. ეს ბოლო სამ მუნდიალზე არგენტინის მეორე ოქრო იყო, თუმცა ის 1978 წლის ჩემპიონობისგან განსხვავდებოდა: საშინაო მუნდიალი ასოცირდებობდა სამხედრო ხუნტასთან, რომელიც მაშინ არგენტინას მართავდა, მექსიკაში მიღწეული წარმატება კი დემოკრატიისა და იმედის ახალ ეპოქას უკავშირდება.
1986 წლის ჩემპიონატზე დიეგო მარადონა 25 წლის იყო და ფორმის პიკზე იმყოფებოდა. ნაპოლიში გატარებულ 7 წელიწადში მარადონამ „პარტენოპეისთან“ ერთად ორი სკუდეტო მოიგო და იტალიურ ფეხბურთში ჩრდილოელი გრანდების დომინირება შეწყვიტა.
ირონიულია, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონას შესანიშნავი პერფორმანსის დროს „ალბისელესტეს“ კარლოს ბილარდო წვრთნიდა. ეს სპეციალისტი პრაგმატულ და უსახურ ფეხბურთთან ასოცირდება, მისი წინამორბედის, სესარ ლუის მენოტისგან განსხვავებით. მარადონა გუნდური ფეხბურთის ჩარჩოებიდან არ გამოდიოდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა, მოედანზე თავისი წესებით ემოქმედა.
დიეგო აღიარებს, რომ წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობა იყო და რომ ინდივიდუალური პერფორმანსებით მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია - ამას ბელგიასთან ნახევარფინალში გატანილი ორივე გოლი ადასტურებს.
„ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოქმედება მიწევდა და მატჩებს მარტო ვიგებდი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა ის, რომ მე შემეძლო, მოედანზე ვარსკვლავი ვყოფილიყავი“.
სწორედ ეს ფრაზა გამოხატავს ფეხბურთის სილამაზეს: ეს არის გუნდური თამაში, რომლის ბედსაც ხშირად ნამდვილი მაგია წყვეტს.
არგენტინა-ბელგიის საუკეთესო მომენტები