„მისი გვარი კვარაცხელია-დინიო რომ იყოს, 300 მილიონი ეღირებოდა“ | მაიკა რიჩარდსი
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ნახევარფინალში „ბაიერნი“ დაამარცხა, „რეკორდმაისტერთან“ გამართულ საპასუხო შეხვედრაში კი „კვარა“ ბრწყინვალე იყო.
პარიზელთა გარემარბმა უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. მის თამაშს ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და წამყვანი, მაიკა რიჩარდსი გამოეხმაურა. რიჩარდსმა „კვარაზე“ The Rest is Football-ის პოდკასტში ისაუბრა:
„როდესაც თანამედროვე გარემარბების თამაშს უყურებთ, ყველას უნდა, რომ ბურთი მიიღოს. პარი სენ-ჟერმენის გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას მოძრაობა ნახეთ? პასი გააკეთა და შემდეგ ეგრევე მცველების ზურგს უკან გაიქცა. ეს მარტივი მოძრაობაა, რომელიც გარემარბებმა უფრო და უფრო ხშირად უნდა გააკეთონ. დიახ, პრემიერ ლიგაში, შესაძლოა, ამდენი სივრცე არ მოგეცეს, მაგრამ ეს უმარტივესი მოძრაობაა... შემდეგ კი თანაგუნდელ დემბელეს ყველაფერი ლანგრით მიართვა.
კვარაცხელია უბრალოდ შესანიშნავი იყო. ის ჩემი საყვარელი გარემარბია და სხვებზე ბევრად წინაა. მჯერა, მისი გვარი კვარაცხელია-დინიო რომ იყოს (აქცენტი ბრაზილიელობაზე), მისი ფასი 300 მილიონი იქნებოდა. აი, ამდენად მაგარი ფეხბურთელია“.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ წინააღმდეგ კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა მიითვალა და Sofascore-მა მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასა. ეს „პარი სენ-ჟერმენში“ ყველაზე მაღალი შეფასება იყო, თუმცა უეფამ საუკეთესოდ ვილიან პაჩო დაასახელა.