„მამარდაშვილი დღეს ივარჯიშებს, ალისონი ჯერ მზად არაა“ - არნე სლოტი
„ჩელსისთან“ მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, ტრავმირებული მეკარეების, ალისონ ბეკერისა და გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობაზე.
„ალისონი ჯერ ვერ ბრუნდება, მას ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა ძალიან ახლოსაა დაბრუნებასთან. რაც შეეხება მამარდაშვილს, ის გუნდთან ერთად პირველად დღეს ივარჯიშებს. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს.
სატრანსფერო გეგმები და გუნდის გაახალგაზრდავება? ასაკზე მეტად პიროვნული თვისებები მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შეგიძლია, ახალი ფეხბურთელი დაიმატო, მაგრამ მჯერა, რომ გვყავს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებსაც „ლივერპულში“ სათამაშოდ საჭირო მენტალიტეტი აქვთ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 19 აპრილს, „ევერტონთან“ გასვლით მატჩში დაშავდა, ალისონს კი 18 მარტის შემდეგ არ უთამაშია.
ცნობისთვის, პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“ 58-58 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ და საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად იბრძვიან. მათი კონკურენტები არიან „ბორნმუთი“ (52 ქულა), „ბრენტფორდი“ (51 ქულა) და „ბრაიტონი“ (50 ქულა).
აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“-„ჩელსის“ შეხვედრა 9 მაისს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.