„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლინეკერი The Rest is Football-ის პოდკასტში „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო შეხვედრას გამოეხმაურა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობს.
„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც ტკბები. ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება, რადგან საქართველომ საგზური ვერ მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვინათხოვროთ? მხოლოდ ერთი თვით... მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელების ნახვა გვინდა და სათამაშო დროს მივცემდით... ვფიქრობ, ჩვენს გუნდში აუცილებლად მოხვდებოდა“.
ცნობისთვის, The Rest is Football-ის პოდკასტის წამყვანები გარი ლინეკერი, ალან შირერი და მაიკა რიჩარდსი არიან. სამივე ფეხბურთელი ინგლისელია და ლინეკერი სწორედ ინგლისის ნაკრებზე აკეთებდა აქცენტს.
სხვათა შორის, კვარაცხელია უეფას კვირის გუნდში მოხვდა. „ბაიერნთან“ მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 5 დარტყმა კარისკენ (2 ზუსტი, 3 დაბლოკილი); 1 შედეგიანი გადაცემა და 4 საკვანძო პასი; 8-დან 7 წარმატებული დრიბლინგი და 16-დან 11 მოგებული ორთაბრძოლა.