ურუგვაელს საავადმყოფოში წასვლა მოუწია | ვალვერდემ და ჩუამენიმ იჩხუბეს
მადრიდის „რეალის“ გასახდელში ვითარება არ განმუხტულა. გუშინ Marca-მ დაწერა, რომ ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის კონფლიქტი მოუვიდათ და ფეხბურთელები ფიზიკურ დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.
გუშინდელის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. Marca-ს ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები ისევ ურუგვაელი და ფრანგი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა ამჯერად ყველაფერი ვალვერდეს საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. ესპანური გამოცემა საკუთარი წყაროს კომენტარს ავრცელებს: „ეს ყველაზე სერიოზული ინციდენტია, რაც კი ოდესმე ვალდებებასზე მომხდარა“.
Marca-ს მიხედვით, დღეს დილით ჩუამენიმ ვალვერდეს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ფედემ მას ხელი არ ჩამოართვა, რამაც ძალიან დაძაბული სავარჯიშო სესია განაპირობა. ყველაფერი გასახდელში სერიოზული ჩხუბით დასრულდა. ფიზიკური დაპირისპირებისას, არა უშუალოდ ჩუამენის დარტყმით, არამედ შემთხვევით, ვალვერდემ ძლიერი დაჟეჟილობა მიიღო, რასთან ერთადაც ჭრილობაც გაჩნდა და ურუგვაელი იძულებული გახდა, საავადმყოფოში წასულიყო, სადაც ნაკერები დაადეს.
AS-ის ცნობით, ჩხუბისას ვალვერდე წაიქცა, თავი მაგიდას დაარტყა და ჭრილობა სწორედ ამ ვითარებაში მიიღო. წყაროები აცხადებენ, რომ ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით ვალვერდეს მხრიდან, უხეში ვარდნები მუდმივ ხასიათს ატარებდა, რამაც საბოლოოდ ფრანგი ფეხბურთელი მწყობრიდან გამოიყვანა.
მომხდარის მასშტაბიდან გამომდინარე, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გასახდელში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც ხოსე ანხელ სანჩესიც (დირექტორთა საბჭოს წევრი, აღმასრულებელი ოფიცერი) დაესწრო. ორივე მოთამაშის მიმართ შიდა მოკვლევა დაიწყო. „რეალი“ გეგმავს, ფეხბურთელებს მაქსიმალური დისციპლინური სასჯელო დაუწესოს.
„დღეს მადრიდში მაქსიმალური დაძაბულობის, ნერვიულობისა და შიდა განხეთქილების ატმოსფეროა — იზრდება განცდა, რომ სიტუაცია გამოსწორებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა“, — წერს Marca.