რუდიგერმა კარერასს სახეში გაარტყა - რა მოხდა რეალის ვარჯიშზე
ბოლო დღეებში ესპანური პრესა აქტიურად წერდა, რომ „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე გერმანელმა მცველმა ერთ-ერთ თანაგუნდელს სილა გააწნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტის მეორე მონაწილე სწორედ ალვარო კარერასი იყო.
გავრცელებულ ცნობებს ესპანელმა მცველმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე უპასუხა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩემს შესახებ გარკვეული მინიშნებები და კომენტარები გაჩნდა, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი ერთგულება ამ კლუბისა და მწვრთნელების მიმართ პირველივე დღიდან ურყევია და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დაბრუნების შემდეგ ყოველთვის უმაღლესი პროფესიონალიზმით, პატივისცემითა და თავდადებით ვმუშაობ. ძალიან ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ სახლში დაბრუნების ოცნება ამესრულებინა.
რაც შეეხება თანაგუნდელთან მომხდარ ინციდენტს — ეს იყო იზოლირებული, უმნიშვნელო საკითხი, რომელიც უკვე მოგვარებულია. მთელ გუნდთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ¡Hala Madrid!“ — წერს კარერასი.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი იმ ემოციურ ფონს უკავშირდება, რომელიც „სამეფო კლუბში“ 2025/26 წლების სეზონში უტიტულოდ დარჩენის გამო არის გამოწვეული. როგორც იწერება, რუდიგერსა და კარერასს შორის მომხდარი ინციდენტი არ არის ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალში“ მოხდა.